პოლიციამ ხუთი პირი დააკავა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები და ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე, მას შემდეგ, რაც მათ მიერ ორგანიზებული 4 ოქტომბრის არჩევნების დღის აქცია არეულობაში გადაიზარდა. მათ ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან მომღერალი და აქტივისტი პაატა ბურჭულაძე, ასევე ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრები ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიის წევრი პაატა მანჯგალაძე და გადამდგარი პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე. ყველა მათგანი არჩევნების დღის აქციის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი იყო, რომლის მიზანიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „მშვიდობიანი გზით დამხობა“ იყო.
მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება, ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.
„თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს, ორგანიზატორების მხრიდან ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები გახმოვანდა. ასეთი მოწოდებები ხმოვანდებოდა მიმდინარე წლის 4 ოქტომბრამდეც“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ 5 ოქტომბერს დილას გამართულ ბრიფინგზე.
ზოდელავა და ნადირაძე 5 ოქტომბერს, გამთენიისას, პარლამენტის წინ გამართული აქციის შემდეგ დააკავეს, ხოლო ბურჭულაძე ხელბორკილებით გამოიყვანეს თბილისის საავადმყოფოდან, სადაც ის არეულობის შემდეგ მკურნალობდა.
This post is also available in: English