„ქართული ოცნების“ წევრები და ლიდერები, მათ შორის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მოქმედი მერი კახა კალაძე პარტიის ოფისში გამარჯვებას ზეიმობენ მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო ტელეარხმა „იმედმა“ მისი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა.
„იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართული ოცნება“ თბილისში ხმების 76.3%-ით ლიდერობს; შემდეგ მოდის „ლელო – ძლიერი საქართველო“ 7.1%-ით; „გირჩი“ – 6.8%-ით; „კონსერვატორები საქართველოსთვის“ – 3.3%-ით და სხვა პარტიები 6.5%-ით.
„მართლაც შთამბეჭდავი გამარჯვებაა“, – განაცხადა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან გორგასლის ქუჩაზე და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. „ეს არის რეალური შედეგი, ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, გენეტიკა“.
„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა ჩვენს ამომრჩეველს, საერთოდ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მოახერხა და საბოლოო გავსწორდით წელში. ეს არის რეალური შედეგი, ეს არის ის, რასაც იმსახურებს საქართველო, რასაც იმსახურებს ჩვენი ისტორია, რასაც იმსახურებს ჩვენი გენეტიკა“, – აღნიშნა მან.
„თანამედროვე დაპყრობის მეთოდი გახლავთ აგენტურა. აგენტურის საშუალებით ჩვენზე დიდმა, გაცილებით განვითარებულმა ქვეყნებმა, ძალიან ბევრმა დაკარგა სუვერენიტეტი“, – განაცხადა ივანიშვილმა ამ ქვეყნების დასახელების გარეშე. „ძალიან ბევრი ქვეყანა მიექანება კატასტროფისკენ და მიაქანებს საკუთარი ხალხი, საკუთარი საზოგადოების ნაწილი“.
მისი თქმით, „ეს გახლავთ სწორედ თანამედროვე დაპყრობის იარაღი. მხოლოდ ამ მეთოდით ახერხებენ და ყველაზე ცივილიზებული სახელმწიფოები დააჩოქეს, უნგრევენ ეკონომიკას, უნგრევენ საზოგადოებებს, საშინელი დაპირისპირებებია, ერების ერთმანეთში აღრევა – ასეთი გაუკუღმართებული ცხოვრება შეუქმნეს“.
მან ხაზი გავუსვა, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელმაც „მოახერხა და აგენტურა გაისტუმრა 2012 წელს. „არაფერ შუაში არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, მათ უკან დგას ძალიან დიდი, ბოროტი ძალა და ვინც პოლიტიკაში გაცნობიერებულია, ძალიან კარგად იცის, რა ძალები უჭერენ მხარს და რა ხდება დღეს მსოფლიოში“, – განაცხადა მან.
იმავდროულად, სპეცრაზმმა ათონელის ქუჩაძე პრეზიდენტის სასახლის მახლობლად, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით მომიტინგეები დაშალა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა ბარიკადების გადალახვა სცადეს.
თავისუფლების მოედანზე გამართული აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გეგმავენ წასვლას.
This post is also available in: English