საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში ,,გრანტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთი სარჩელი წარადგინა.
1 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, საია-მ აღნიშნა, რომ ორგანიზაცია „გრანტების შესახებ“ კანონის მე-61 მუხლს ასაჩივრებს, რომელიც „ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს განუზომელ უფლებამოსილებას, სასამართლოს თანხმობით, არასამთავრობო ორგანიზაციიდან, ბანკებიდან, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებიდან გამოითხოვოს განსაკუთრებული კატეგორიის და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციები, ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა“.
ორგანიზაციის თქმით, ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციებს სამდღიანი ვადა მისცა დიდი მოცულობის ინფორმაციის წარსადგენად მიუხედავად იმისა, რომ „გრანტების შესახებ“ კანონი არ განსაზღვრავს ვადას, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს ანტიკორუფციულ ბიუროს სასამართლოს ბრძანებით მოთხოვნილი ინფორმაცია. „ეს გარემოება ანტიკორუფციულ ბიუროს ანიჭებს არაგონივრულად მცირე ვადების დაწესების შესაძლებლობას, რაც ორგანიზაციებს დამატებით ბარიერებს უქმნის და შეუსაბამოა კონსტიტუციის დებულებებთან“, – აცხადებს საია.
საია ამტკიცებს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას. ამასთან, არაგონივრულად მცირე ვადის დაწესება არღვევს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე საქმის სამართლიანად განხილვის უფლებას.
This post is also available in: English