ერგნეთში 29 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 127-ე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ „მკაცრად“ მოითხოვეს საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების დასჯა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, დაგმეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ყველა მონაწილის უწყვეტ ერთგულებას ფორმატის მიმართ. მათ ხაზი გაუსვეს მის გადამწყვეტ როლს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, კონფლიქტით დაზარალებული თემებისთვის პრაქტიკული გადაწყვეტილებების მოძიებაში.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება დაკავებების მიმდინარე პრაქტიკის გამო და ჰუმანიტარული მიდგომის გამოყენებისკენ მოუწოდეს. საუბარი ასევე შეეხო გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებს. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ გადაკვეთის ყველა პუნქტის სრულად ფუნქციონირების აღდგენა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა კონფლიქტით დაზარალებული თემების ყოველდღიურ ცხოვრებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, სიტუაცია საოკუპაციო ხაზის მიღმა „სტაბილური, მშვიდი და პროგნოზირებადი“ რჩება. ცხინვალმა კიდევ ერთხელ დააყენა ჩორჩანა-წნელისის პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხი.
IPRM-ის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა 18 ნოემბერს გაიმართება.
This post is also available in: English