საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი დაიბარეს, რაც პირველი ასეთი შემთხვევა იყო ორმხრივ ურთიერთობებში. ელჩს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებენ. გერმანიამ, საპასუხოდ, კვლავ დაიცვა თავისი ელჩი, მის დაბარებას „უსაფუძვლო“ უწოდა და დაგმო თბილისის „მუდმივი აგრესიული რიტორიკა“ მის წინააღმდეგ.
საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა ელჩ ფიშერსა და „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს შორის საათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამჟამად ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა „ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობების“ თაობაზე, რაც, თავის მხრივ, „წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას“. „ასევე, შემაშფოთებელია ქვეყანაში მიმდინარე სასამართლო პროცესების პოლიტიზირების მცდელობები და ამ პროცესში ელჩების მონაწილეობა“, – ნათქვამია ამავე პრესრელიზში.
უწყების ინფორმაციით, ელჩს განემარტა, რომ „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ 1961 წლის ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
საპასუხოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე დაწერა: „ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის მიმართ აგრესიულ რიტორიკას და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას“. „ის გამოხატავს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“, – განაცხადა სამინისტრომ.
This post is also available in: English