26 ევროპული ქვეყნის საელჩოები და ევროკავშირი უარყოფენ „უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს” მათი საქმიანობის შესახებ

26 ევროპული ქვეყნის საელჩოებმა და ევროკავშირმა ერთობლივ განცხადებაში უარყვეს „უსაფუძვლო და ზიანის მომტანი ბრალდებები“ საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ.

„მტკიცედ უარვყოფთ უსაფუძვლო და ზიანის მომტან ბრალდებებს საქართველოში ზოგიერთი დიპლომატიური მისიის როლისა და საქმიანობის შესახებ. ასეთ დეზინფორმაციას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ძირს უთხრის ჩვენი დიპლომატიური მისიების მიერ მათი მოვალეობების შესრულების შესაძლებლობას“, – ნათქვამია 24 სექტემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, კვიპროსის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის და დიდი ბრიტანეთის საელჩოები. განცხადებას არ შეუერთდნენ უნგრეთისა და სლოვაკეთის საელჩოები. როგორც ცნობილია, ამ ორი ქვეყნის მთავრობებს მეგობრული ურთიერთობები აქვთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან.

„დიპლომატებისთვის, ფართო სპექტრის წარმომადგენლებთან – მთავრობასთან, ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ზოგადად მოქალაქეებთან – შეხვედრა დიპლომატიური მუშაობის ნორმალური ნაწილია და ვენის კონვენციას სრულად შეესაბამება. ჩვენ არცერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას არ ვუჭერთ მხარს და განცხადებები ჩვენს მიერ ძალადობისა და ექსტრემიზმის მხარდაჭერის შესახებ უბრალოდ სიმართლე არ არის. სინამდვილეში, ჩვენ ყველა აქტორს მოვუწოდებთ, რომ უარი თქვან ძალადობის ნებისმიერი ფორმაზე და დაგმონ იგი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საელჩოები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, თავი შეიკავონ დაპირისპირების გამომწვევი რიტორიკისგან და ძალისხმევა დაძაბულობის განმუხტვისკენ მიმართონ.

This post is also available in: English

Exit mobile version