ისრაელის მოქალაქე საიმონ ლევიევს [ნამდვილი სახელი შიმონ ჰაიუთი], რომელიც ცნობილია როგორც Tinder Swindler, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, იტყობინება “ბათუმელები” 17 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმის აეროპორტში მისი დაკავება დაადასტურა.
„ნიუ იორკ თაიმსი“ ადვოკატზე, საგივ როტენბერგზე დაყრდნობით წერს, რომ ლევიევი საქართველოში გერმანიის მოთხოვნით დააკავეს, ბერლინში ქალის მოტყუების ბრალდებით და ის სამი თვით პატიმრობაში დარჩება, ან იმ დრომდე, სანამ გერმანია მის ექსტრადირებას არ მოახდენს.
ამერიკული გამოცემის ცნობით, გერმანიაში ლევიევს ბრალი წაუყენეს ქალისგან თითქმის 44 000 ევროს მოპარვის და მის სახელზე საკრედიტო ბარათისა და ტელეფონის გამოყენებით ათასობით დოლარის მითვისების ბრალდებით. მისი ადვოკატის თქმით, ლევიევი უარყოფს ბრალდებებს.
ეს ლევიევის პირველი დაკავება არ არის. იგი 2019 წელს საბერძნეთში დააკავეს, რის შემდეგაც განხორციელდა მისი ექსტრადირება ისრაელში, სადაც მას თაღლითობასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართული ზომების გამო ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
This post is also available in: English