700 მილიონ დოლარამდე თანხის გათეთრების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

2022-2024 წლებში განხორციელებული, „უპრეცედენტო ოდენობის“ – 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული, განაცხადა პროკურატურამ 16 სექტემბერს ეჭვმიტანილის დასახელების გარეშე.  

პროკურატურამ განაცხადა, რომ „ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, ,,ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი“.

ამავე ინფორმაციით, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან „განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას – ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას“.

ბრალდებულმა ზემოაღნიშნული გზით შეკრებილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტა, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, სხვადასხვა პერიოდში საბანკო დაწესებულებებში მიიტანა, როგორც ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა  წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები. ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში.

პროკურატურის თქმით, წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

This post is also available in: English

Exit mobile version