ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ისრაელის მოქალაქე საიმონ ლევიევი [ნამდვილი სახელი შიმონ ჰაიუთი], რომელიც ცნობილია როგორც Tinder Swindler, ბათუმის აეროპორტში ჩამოსვლისთანავე დააკავეს. ეს ინფორმაცია 15 სექტემბერს „სამოქალაქო საქართველოს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ლევიევი 2022 წლის პოპულარული Netflix-ის დოკუმენტური ფილმის Tinder Swindler-ის მთავარი ფიგურაა. წლების განმავლობაში იგი თავს წარმოაჩენდა, როგორც ბრილიანტების მაგნატის მემკვიდრედ და ქალებს გაცნობის აპლიკაცია Tinder-ით უკავშირდებოდა და ატყუებდა მათ. დაზარალებულებმა მას ბრალი დასდეს მილიონობით დოლარის გამოძალვაში სხვადასხვა თაღლითური სქემების გამოყენებით. იგი აცხადებდა, რომ რუსეთ-ისრაელის ბრილიანტის მაგნატ ლევ ლევიევთან იყო კავშირში, თუმცა თავად ლევიევმა ამგვარი კავშირი უარყო.
შსს-ს დაკავების მოტივის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია. ისრაელის მედია ლევიევის ადვოკატზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაკავების მოტივი უცნობია და რომ ლევიევი „თავისუფლად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში“.
ლევიევი 2019 წელს საბერძნეთში დააკავეს, რის შემდეგაც განხორციელდა მისი ექსტრადირება ისრაელში, სადაც მას თაღლითობასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის 15-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართული ზომების გამო ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
This post is also available in: English