თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს ლევან ხაბეიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო პარტიის კიდევ ერთ წევრს, მურთაზ ზოდელავას გირაო დაუწესა და ის 25 000 ლარის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გადაწყვეტილება 13 სექტემბერს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ხაბეიშვილის მიერ მოსყიდვის თავდაპირველ ბრალდებას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებაც დაამატა.
ლევან ხაბეიშვილი მომიტინგეების დაუშლელობის სანაცვლოდ სპეცრაზმისთვის ფულის საჯაროდ შეთავაზებისთვის დააკავეს. იგი მათ 200 000 აშშ დოლარს დაპირდა და განაცხადა, რომ იგი 4 ოქტომბერს დაგეგმილი „მშვიდობიანი გადატრიალების“ გზით „ქართული ოცნების“ დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლისას მათ დააჯილდოვებდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დაკავება მოსყიდვის ბრალდებით განხორციელდა, თუმცა 13 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ ბრალდების გარდა, ხაბეიშვილს ასევე ბრალი წაუყენეს ხელისუფლების დამხობის საჯაროდ მოწოდებაში.
რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, რომელსაც გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ, თავდაპირველად მას ხაბეიშვილის დაკავების დროს ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში წაუყენეს ბრალი. მოგვიანებით, პროკურატურამ ბრალდება გადააკვალიფიცირა, როგორც გამოძიებაში ხელის შეშლა, რაც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
This post is also available in: English