TI საქართველო: 308 თანამდებობის პირმა ერთ წელიწადში 22 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქრები მიიღეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სახელმწიფო სექტორში დასაქმებული 6, 000-მდე თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა, რის შედეგადაც დაადგინა, რომ 308-მა თანამდებობის პირმა 2023 წელს 22 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქრები მიიღო. ორგანიზაციის თქმით, 2024 დეკემბრიდან 2025 წლის ივნისამდე თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდი „ტექნიკური ხარვეზის” საბაბით გათიშული იყო და შევსებული დეკლარაციების ნახვა და შესწავლა შეუძლებელი იყო.

ორგანიზაციის თქმით, თანამდებობის პირებმა ნაღდი ფულის სახით 16 მლნ ლარი მიიღეს. მათ საჩუქრად მიიღეს ასევე 33 ბინა, 14 მიწის ნაკვეთი, 21 ავტომობილი და 6 იარაღი.

თანამდებობის პირებმა საჩუქრების 72% (16 მლნ ლარი) მშობლებისგან მიიღეს. 2 მლნ ლარამდე ფული ან ნივთები ნათესავებისგან მიიღეს. ჯამურად 1.6 მლნ ლარი დამ ან ძმამ აჩუქათ, 1.1 მლნ კი შვილებმა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირებს ეკრძალებათ ისეთი საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ მიერ თანამდებობრივი მოვალეობის შესრულებაზე ან რომლის ღირებულება მათი წლიური ხელფასის 5%-ს აღემატება. თუმცა, ეს შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე.

ყველაზე მეტი საჩუქარი ჯამური ღირებულებით 4.5 მლნ ლარის ოდენობით პროკურატურის თანამშრომლებმა მიიღეს. პარლამენტის წევრებმა 2.4 მლნ ლარის საჩუქრები მიიღეს, შსს-ს თანამშრომლებმა 2 მლნ ლარის, მოსამართლეებმა კი 1.3 მლნ ლარის.

2023 წელს, მაღალი თანამდებობის პირებიდან მსხვილი საჩუქრები მიიღეს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა – 150,000 ლარი, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა რატი ბრეგაძემ – 100,000 დოლარი (ბინა), უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ გიორგი მიქაუტაძემ – 50,000 დოლარი. ყველა მათგანმა საჩუქარი ოჯახის წევრისგან მიიღო.

This post is also available in: English

Exit mobile version