შსს-მ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 სექტემბერს განაცხადა, რომ მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე, „საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

„სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქმე ეხება ინციდენტს თბილისის მელიქიშვილის გამზირზე, სადაც კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომიტინგეებმა მისი პლაკატები დააზიანეს – ერთ-ერთს იოგურტის მსგავსი ნივთიერება მიასხეს, დანარჩენებზე კი ტექსტი წაშალეს და წარწერა „რუსული ოცნება“ დაამატეს.

სისხლის სამართლის დანაშაული, რომლისთვისაც გამოძიება დაიწყო (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) გულისხმობს ქმედებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ასოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

This post is also available in: English

Exit mobile version