„ქართულმა ოცნებამ“ ეუთო/ოდირი ბოლო მომენტში ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად მოიწვია

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი) 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად მიიწვია.

მოწვევა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გაკეთდა მაშინ, როცა ოდირმა ივნისში განაცხადა, რომ ის, როგორც წესი, ასეთ თხოვნებს არჩევნებამდე 4-6 თვით ადრე იღებს.

„იმისათვის, რომ არ დარჩეს არავითარი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისიის მოწვევის შესახებ, რასთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდირს შესაბამისი წერილი უკვე გაეგზავნა“, –  განაცხადა კობახიძემ შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. „საქართველოს მთავრობა ადასტურებს სრულ მზაობას, ეუთო/ოდირის მისიას არჩევნების სრულფასოვანი დაკვირვებისთვის, ტრადიციისამებრ, ყველა პირობა შეუქმნას”.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე, დაგვიანებული იყო თუ არა მოწვევა, კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნებამდე ოთხი კვირაა დარჩენილი და რომ ეუთო/ოდირს საკმარისი დრო ექნება თავისი მისიის დასაკომპლექტებლად და არჩევნებზე დასაკვირვებლად.

This post is also available in: English

Exit mobile version