სტრასბურგის სასამართლომ რეპრესიული კანონების წინააღმდეგ ერთობლივი საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ და „ქართული ოცნების“ სხვა რეპრესიული კანონების წინააღმდეგ შვიდი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციის ერთობლივი საჩივარი რეგისტრაციაში გაატარა.

სტრასბურგის სასამართლოს საჩივრით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“, „პუბლიკამ“, „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ“ და “სამოქალაქო მოძრაობამ თავისუფლებისათვის” ერთობლივად მიმართეს.

„საჩივარი შეეხება როგორც რეპრესიულ კანონმდებლობას, ასევე ამ კანონების საფუძველზე დაწყებულ კონკრეტულ ქმედებებს – კერძოდ, ზოგიერთი მოსარჩელის მიმართ ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან დაწყებულ მოკვლევას“, – აღნიშნა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 5 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ჩვენ ვდაობთ, რომ ხელისუფლების მიზანი არის არა კანონების აღსრულება, არამედ განსხვავებული აზრის ჩახშობა და ჩვენი საქმიანობის შეჩერება, რომ ვეღარ შევძლოთ ადამიანების დახმარება. ეს კანონები ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, სამართლიანი სასამართლოსა და სხვა უფლებებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

This post is also available in: English

Exit mobile version