საქართველოს ხელისუფლებამ „საბოტაჟის“ ბრალდებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები დააყადაღა.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამართალდამცავთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა, კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით“.
იმ ორგანიზაციებს შორის, რომელთაც ანგარიშები დაუყადაღეს არიან „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „დემოკრატიის მცველები“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საფარი“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.
პროკურატურის ინფორმაციით, „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს“.
This post is also available in: English