მიხეილ ყაველაშვილი თურქეთს ესტუმრა

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით 12-13 აგვისტოს ესტუმრა, სადაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს, ნუმან კურტულმუშს შეხვდა.

2024 წლის ოქტომბრის სადავო არჩევნების შემდეგ, ყაველაშვილის ოფიციალური უცხოური ვიზიტები მეზობელ ქვეყნებში სტუმრობით შემოიფარგლება. მანამდე იგი აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვია.

თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოებაზე, უკრაინაში რუსეთის ომსა და გაზაში ჰუმანიტარულ კრიზისზე იმსჯელეს. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა „მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“ და განაცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს სამმხრივი ფორმატების გამოყენებას საქართველოსა და აზერბაიჯანთან „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებში“ რეგიონული სტაბილურობის გასაძლიერებლად.

თავის მხრივ, ყაველაშვილი „მიესალმა“ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის „ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით“ დადებულ სამშვიდობო შეთანხმებას და განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაარსებობის ფორმულას“ და მზადაა „წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში“.

This post is also available in: English

Exit mobile version