„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა ბრალდებები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ „ღალატი“ არ ამართლებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.
„ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%“, – ამის შესახებ კობახიძემ 11 აგვისტოს ჟურნალისტებს შინდისში დაღუპული ჯარისკაცების მემორიალთან განუცხადა.
იგი ასევე გამოეხმაურა 2018 წლის დაძაბული საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელმაც ასევე მიუთითა სააკაშვილის პასუხისმგებლობაზე 2008 წელს ომის დაწყებაში.
„2018 წელს ჩვენ სალომე ზურაბიშვილს ავუხსენით, რომ იმ მომენტისთვის 2008 წლის ომთან დაკავშირებით სიმართლის თქმა არ იყო მიზანშეწონილი, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მოგვიწევდა თავდაცვით პოზიციაში ჩადგომა. გუნდში გვყავდა ჩანერგილი ადამიანები. ასეთ პირობებში არ იქნებოდა სწორი სიმართლის თქმა და ზუსტად ის მოხდა, რაც ვუთხარით“, – აღნიშნა კობახიძემ.
This post is also available in: English