პროკურატურა „მთავარ არხთან“ დაკავშირებით სავარაუდო ფინანსურ დარღვევებს იძიებს

საქართველოს პროკურატურამ 17 ივლისს განაცხადა, რომ ტელეკომპანია ,,მთავარ არხს“ ფინანსური დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართა, ამავე ტელეკომპანიის თანადამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ დანიშნული დირექტორის გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაწყებულია „საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, იურიდიული პირის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე“.

„მთავარმა არხმა“ 16 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში უარყო ნებისმიერი დანაშაული და ბრალდებებს „აბსურდული“ უწოდა.

„როგორც ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ვაცხადებდით, ზაზა ოქუაშვილი ყალბ და უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებდა არხის მენეჯმენტსა და თანადამფუძნებლებს და ამით ემსახურებოდა რუსული რეჟიმის ინტერესებს“, – ნათქვამია ტელეკომპანიის განცხადებაში.

„ქართული ოცნება“ ისევ ოქუაშვილის „ცილისწამების საფუძველზე ცდილობს კომპანიის მენეჯმენტსა და სხვა დამფუძნებლებზე ანგარიშსწორებას“.

This post is also available in: English

Exit mobile version