საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების განხილვის ფონზე, ბრიუსელი შედეგების შესახებ აფრთხილებს

ევროკავშირმა გააფრთხილა, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა შედეგს გამოიღებს. ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 ივლისს ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ „ქართული ოცნების“ რეპრესიების საპასუხო ზომები, მათ შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერება, რომლითაც ქართველები 2017 წლიდან სარგებლობენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა, განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა „შეაფასეს ევროკავშირის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი – რა შეგვიძლია კიდევ გავაკეთოთ“, რაც, მისი თქმით, მოიცავს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმების შეჩერებას და სანქციების დაწესებას.

„ქართული ოცნების მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მწვავდება“, – განაცხადა კალასმა და დასძინა, რომ „საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას თავისი შედეგები მოყვება“.

მანამდე კაია კალასმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მინისტრები წერილს გაუგზავნიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა ასევე დაწერა X-ზე, რომ ევროკომისია წერილს ამზადებს საქართველოსთვის, რომელშიც ის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება და დასძინა, რომ წერილში მითითებული ბოლო ვადა 31 აგვისტოა.

This post is also available in: English

Exit mobile version