კალასი და 17 ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში არსებული „მდგომარეობის გაურესებით“ შეშფოთებულნი არიან  

ევროპის ქვეყნების 17-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადეს, რომ ისინი „შეშფოთებულები და ღრმად შეწუხებულები“ არიან საქართველოში არსებული „მდგომარეობის გაუარესების“ გამო.

ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება 11 ივლისს გამოქვეყნდა.

“მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას და დაკავებას, რაც აშკარად მიზნად ისახავს საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას ადგილობრივი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. „მათი დაკავება, ასევე, თვითნებური დაპატიმრებები და საქართველოს ხელისუფლების სხვა კრიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, საპროტესტო გამოსვლების მშვიდობიანი მონაწილეების და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიების ზრდა ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის ნგრევას და მის ავტორიტარულ სისტემად სწრაფ გარდაქმნას, რაც ევროპულ ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ბოლო დროს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების და ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობას“.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და  ჩაერთოს დიალოგში ეროვნულ დონეზე ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოსაძებნად“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English

Exit mobile version