ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საარჩევნოდ გრძელვადიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები დაიწყეს

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები დაიწყეს. NDI-ს გრძელვადიანი არაპარტიული შეფასების მისია თბილისში 22 ივლისს ჩამოვიდა. IRI-მ მისიის დაწყების შესახებ განცხადება 18 ივლისს გააკეთა.

“გუნდი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატურ საკითხს შეისწავლის, მათ შორის: საარჩევნო კამპანიის პროცესს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიასა და საინფორმაციო გარემოს, აგრეთვე გენდერისა და ინკლუზიის საკითხებს,” აცხადებს NDI და ამბობს, რომ ორგანიზაციის გუნდი ასევე შეხვდება სახელმწიფოს წარმომადგენლებს, პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, კერძო და სახელმწიფო მედიის წარმომადგენლებს. NDI-ის გრძელვადიანი შემფასებლების გუნდი ხუთი გრძელვადიანი ანალიტიკოსის, მისიის ხელმძღვანელისა და საქართველოში მყოფი მათი თანაშემწეებისგან შედგება.

რაც შეეხება IRI-ის მისიას, 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, დაფარავს საარჩევნო ოლქებს მთელი საქართველოს მასშტაბით. IRI-მ თქვა, რომ “საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარე ღიაა ქვეყანაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ყოფნისთვის.”

“საქართველოს მთავრობას აქვს შესაძლებლობა, პრიორიტეტად დასახოს საარჩევნო გამჭვირვალობა, რათა უზრუნველყოს, რომ საქართველომ ჩაატაროს სანდო არჩევნები, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი ზეწოლისა და ფიზიკური დაბრკოლებებისგან. როგორც ასეთი, ეს არჩევნები იქნება ლაკმუსის ტესტი საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისთვის“, – თქვა IRI-ს ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

IRI-ის მისია 19 ივლისს უკვე შეხვდა ცესკოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს. მისია 20 ივლისს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძესა (რომელიც ასევე ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია) და ქართული ოცნების წევრ პარლამენტის თანამდებობის პირებს შეხვდა.

23 ივლისს, აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, რომელზეც განიხილებოდა აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსა და მოლდოვის მიმართ ორ ქვეყანაში მომავალი არჩევნების წინ. მოსმენის დროს ხაზი გაესვა წინასაარჩევნო პერიოდისა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფის მნიშვნელობა. მომხსენებელმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ჯოშა ჰაკმა ხაზი გაუსხვა თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების “ურყევ” მხარდაჭერას აშშ-ს მხრიდან. “საქართველოს მომავალი უნდა გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა, ამიტომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს ემუქრება რუსეთისგან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი დღემდე ოკუპირებული აქვს,” თქვა მან.

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version