გაზეთი “თბილისი”, 1976: ხელმრუდე მიმტანი

რედაქციისგან: გაზეთი “თბილისი” იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს საღამოს გაზეთი

შენიშვნა: ფოტოზე გამოსახულია არა რესტორანი “სანაპირო” არამედ “არაგვი”. “სანაპიროს” სურათის მოძიება ვერ მოხერხდა.

გაზეთი თბილისი, 02.04.1976

ხელმრუდე მიმტანი

ფულის შოვნისა და მუშტრის თვალისახვევის თავისებური ხერხი ჰქონდა გამომუშავებული რესტორან “სანაპიროს” მიმტანს ნოდარ ალექსადრეს ძე მაისურაძეს. მართალია, ეს ხერხი მისი მოგონილი არ გახლდათ, სხვა უფრო გამოცდილი მიმტანებისგან ისწავლა, მაგრამ ნოდარ მაისურაძის “ვაჟკაცობა” იმაში გამოიხატებოდა რომ სხვებზე უფრო ხშირად მიმართავდა ამ ხერხს და არც ტყუილუბრალოდ, მოგებულიც ყოველთვის თვითონ რჩებოდა. ეს კი სულ იოლად ხდებოდა, როცა ქეიფს გადაყოლილი მუშტრები ერთმანეთს ვეღარ ცნობდნენ, მიმტანიც დროს იხელთებდა და ანგარიშის ფურცელში ციფრებს ამრგვალებდა. იქ სადაც ციფრი ეწერა, 5-ად გადაასწორებდა, 10-იანს 15-ად და დანახარსაც მეტ დაიანგარიშებდა, ხოლო ის ზედმეტად აღებული თანხა სადაც მიდიოდა, ამას ადვილად მიხვდება მკითხველი.

ასე მოხდა იმ დღესაც, როცა კარგ გუნებაზე მყოფმა მეგობრებმა ბ.კაკოიშვილმა, გ.ბერიძემ, ა.ქიზიყურაშვილმა და სხვებმა თავი ერთად მოიყარეს და გადაწყვიტეს საღამო მხიარულ დროს ტარებაში გაეტარებინათ.

ნოდარ მაისურაძე პირმოთნე ღიმილით მიეგება მუშტრებს. მაგიდას ახალი სუფრა გადააფარა, დანა-ჩანგალი და სასმისები ჩამოარიგა, ხელსახოცი მკლავზე გადაიკიდა, უბიდან წიგნაკი ამოიღო და შეკვეთა მიიღო.

არ გასულა 10-15 წუთი, რომ სუფრაც გააწყო. რას არ ნახავდით აქ, პამიდორის სალათას. შემწვარ ვარიებს, გემოვნებით შეზავებულ სხვადასხვა კერძს, კახურ ღვინოს “გურჯაანს” და ბევრ სხვა რამეს. […]

მადა ჭამაში გაეხსნათ. გ.ბერიძემ თავის მხრივ კიდევ 10 ბოთლი ღვინო შემოუმატა მაგიდას, ა.ქიზიყურაშვილს მეზობელმა მაგიდიდან მეგობრებმა 6 ბოთლი ღვინოს გაუგზავნეს. გვიან ღამემდე გასტანა ქეიფმა. ბოლოს, როცა წასვლის დრო დადგა, ანგარიშის გადასასწორებლად მიმტანს უხმეს.

აქ კი დატრიალდა ნოდარ მაისურაძე. ერთხელ კიდევ გადახედა შემთვრალ მუშტრებს (ისინი უკვე ათზე მეტნი იყვნენ) და დანახარჯი 142 მანეთი და 32 კაპიკი იანგარიშა.

მართალია თანამესუფრენი საკმაოდ ნასვამები იყვნენ, მაგრამ მაინც ეჭვი შეიტანეს მიმტანის პატიოსნებაში. ნოდარ მაისურაძემ აქაც არ უღალატა ძველ ჩვეულებას, ანგარიშის ფურცელში, იქ სადაც 10 ბოთლი “გურჯაანი” ეწერა, ციფრი 10 30-ად გადააკეთა, მის ხელში 20 ულუფა პამიდვრის სალათა 50-ად. ზედმეტმა ციფრებმა, ზედმეტი ხარჯი 48 მანეთი და 90 კაპიკი შეადგინა, მაგრამ, როგორც ვთქვით, მუშტრები არ დაიბნენ და ნირწამხდარი მიმტანი იძულებული გახდა დანახარჯი ხელმეორედ ეანგარიშა. ამჯერად ხარჯი 120 მანეთი და 40 კაპიკი გამოვიდა. ხელმეორედ შეედავნენ მუშტრები, აქ კი მიმტანი გაჯიუტდა და კატეგორიული ტონით მოითხოვა ანგარიში სწორია და ფული გადამიხადეთო.

უსიამოვნო კამათისა და მითქმა-მოთქმისათვის რომ თავი აერიდებინა, ბ.კაკოიშვილმა მას 120 მანეთი და 40 კაპიკი გადაუხადა. ანგარიშის ფურცლები გამოართვა და მეორე დღეს შესაბამის ადგილზე წარადგინა.

საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ მიმტანის საქმიანობით და ყველაფერი გულდასმით შეამოწმეს. გამოირკვა, რომ ნ.მაისურაძეს მეორედაც მოეტყუებინა მუშტრები. სინამდვილეში დანახარჯი 93 მანეთსა და 42 კაპიკს შეადგენდა. კალინინის რაიონის სახალხო სასამართლომ ნოდარ მაისურაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასვე სასჯელის მოხდის შემდეგ 5 წლის ვადით სავაჭრო დარგში მუშაობა აეკრძალა.

გ.ნინოშვილი

Exit mobile version