TI საქართველო: პარლამენტი კიდევ უფრო დახურული უწყება გახდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 10 ივლისს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც  საქართველოს პარლამენტის 2023 წლის საქმიანობას აფასებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ გასული წლის მანძილზე პარლამენტი „კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა“. დოკუმენტის თანახმად, პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა, და პარლამენტი აღარ გასცემს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დეპუტატების კრიტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს. ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ პარლამენტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში მას არ მიაწოდა ის ინფორმაცია, რომელსაც უკანასკნელი 10 წელია აწვდიდა და რომელიც ეხებოდა პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის რაოდენობას, დეპუტატების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაციას, კომიტეტების საქმიანობის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის როლი. კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ 2023 წლის თებერვალში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ პროტესტმა „მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება“. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან მხოლოდ 3 შეასრულა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის მიღებას, ისევე როგორც ანტიკორუფციულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლითაც პროკურორები ვალდებული არიან ქონებრივი დეკლარაცია წარადგინონ. თუმცა, ის უარყოფითად აფასებს საკანონმდებლო ცვლილებებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების წინასწარი აკრძალვის შესახებ, სიძულვილის ენის რეგულირებასთან დაკავშირებით მაუწყებლის შესახებ ცვლილებებს, რეგლამენტში ცვლილებებს ანგარიშვალდებულების და კონტროლის შესახებ“.

2023 წელს დეპუტატების აქტიურობის მიმოხილვა

რეკომენდაციები

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიზანშეწონილია გაძლიერდეს უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულფასოვანი ზედამხედველობისათვის პარლამენტში შეიქმნას სპეციალიზირებული სტრუქტურა. ამასთან, „უმრავლესობა ხელოვნური ბერკეტებით არ უნდა აფერხებდეს ოპოზიციის მიერ კონტროლის მექანიზმების გამოყენებას. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2023 წელს „პასუხგაუცემელი სადეპუტატო კითხვებიდან 791 ავტორი იყო ოპოზიცია (რაც ოპოზიციის მიერ დასმული კითხვების 27%-ს წარმოადგენს), ხოლო უმრავლესობის მიერ დასმულ 5 კითხვას არ გაეცა პასუხი (რაც უმრავლესობის მიერ დასმული კითხვების 6%-ს წარმოადგენს)“.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკანონმდებლო პროცესი ფართო დისკუსიისა და ექსპერტების ჩართულობის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს.  „პარლამენტი საკანონმდებლო წინადადებებს დროულად უნდა იხილავდეს და ასევე აძლევდეს საშუალებას წინადადების ავტორებს კომიტეტზე წარადგინონ მოსაზრებები“, – ნათქვამია ანგარიშში. „მხოლოდ საგამონაკლისოდ უნდა ხდებოდეს როგორც  დაჩქარებული წესით კანონპროექტთა,  ასევე მათი განხილვის ვადების გადაწევა“. 2023 წელს პარლამენტმა დაჩქარებული წესით 122 კანონპროექტი მიიღო.

ანგარიშის თანახმად, პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ახდენდეს მათი მონაწილეობისა და ჩართულობის დაბლოკვას საკანონმდებლო ცვლილებების თუ არსებული წესების დარღვევის ხარჯზე. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ პარლამენტი კანონით დადგენილ ვადებში და წესით უნდა გასცემდეს საჯარო ინფორმაციას, რაც „მისივე საქმიანობის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას ემსახურება“.  „პარლამენტის შენობაში შესვლა დაუსაბუთებლად არ უნდა ეზღუდებოდეთ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“, – ნათქვამია ანგარიშში.  

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version