გაზეთი კომუნისტი, 1950: აგრესორთა ზრახვები განწირულია ჩასაფუშად

გაზეთი კომუნისტი, 04.07.1950

რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.“

1950 წლის 25 ივნისს, კორეის ნახევარკუნძულზე ომი დაიწყო. ჩრდილოეთ კორეა, ყოველგვარი ხელშესახები მიზეზის გარეშე, თავს დაესხა სამხრეთს, რომელიც სრულად მოუმზადებელი აღმოჩნდა. რამდენიმე დღეში, ჩრდილოეთ არნახული სამხედრო წინსვლა ჰქონდა, 3 ივლისს კი აიღეს დედაქალაქი სეულიც. საბჭოთა პრესაში, ინფორმაციები აბსოლიტურად დამახინჯებული სახით ქვეყნდებოდა, რომ ვითომდა ეს სამხრეთი დაესხა თავს ჩრდილოეთს და რომ ამერიკული ჯარი უკვე ნახევარკუნძულზე იყო და აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. თავის მხრივ, მთელი სსრკ-ს მაშტაბით ეწყობოდა დემონსტრაციები, ვითომდაც აღშფოთებული ხალხის მიერ, რომლებიც მხარს უჭერდნენ ჩრდილოეთს.

კორეის საქმეებში ამერიკელ იმპერიალისტთა თავხედური სამხედრო ჩარევის გამო მთელი მსოფლიოს მშრომელთა მიერ გამოთქმულ გულისწყრომასა და პროტესტს თავის ხმას უერთებს თბილისის კიროვის სახელობის დაზგთმშენებელი ქარხნის მრავალათასიანი კოლექტივი.

მუშა-მოსამსახურეთა და ინჟინერტექნიკოსთა კრებაზე ქარხნის დირექტორმა ამხ. ა.მელაძემ განაცხადა: – ამერიკელ იმპერიალისტებს რომლებიც ომის მომზადებას აღარ სჯერდებიან და აგრესიის პირდაპირ აქტებზე გადავიდნენ, სურთ კორეა თავიანთ კოლონიად აქციონ, დაიმონონ კორეელი ხალხი. ამერიკელმა იმპერიალისტმა ყაჩაღებმა, რომლებმაც წააქეზეს ლი სინ მანის ფაშისტური ხროვა, ავაზაკური ინტერვენცია მოაწყვეს კორეელი ხალხის წინააღმდეგ. მთელი მსოფლიოს მშრომელნი მოითხოვენ: კორეის ბატონ-პატრონი მხოლოდ კორეელი ხალხი უნდა იყოს, ხელი არ ახლოთ კორეას!

ტრიბუნაზეა საინსტრუმენტო საამქროს კომკავშირელი გ.ზარქუა. იგი კრების დამსწრეთ მიმართავს: – ჩვენი ქარხნის კომკავშირელებმა და ახალგაზრდობამ დამავალეს აღშფოთება და გულისწყრომა გამოვთქვა ამერიკელ იმპერიალისტთა აგრესიული ქმედებების გამო. ჩვენ აღგვაფრთოვანებს კორეის სახალხო-დემოკრატიული არმიის მეომართა გმირობა, რაც მოწმობს იმას, რომ თავისუფლების მოყვარე კორეელ ხალხს საკმაო ძალები აღმოაჩნდა ამერიკელ აგრესორთათვის საკადრისი პასუხის გასაცემად.

მრავალტანჯულ კორეელი ხალხი – ამბობს სამჭედლო-თერმული საამქროს უფროსი ამხ.ლ.ნადიროვი – წლების განმავლობაში იაპონელ იმპერიალისტთა უღელქვეშ გმინავდა. გმირი საბჭოთა არმიის დახმარებით კორეელმა ხალხმა ეს უღელი მოიშორა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ ჩრდილოეთ კორეიდან ჯარები გამოიყვანა, ამერიკელები განაგრძობდნენ სამხრეთ კორეაში პარპაშს, შეაკოწიწეს ლი სინ მანის მარიონეტული “მთავრობა” და კორეაში ძმათამკვლელი შინაომი გამოიწვიეს. ამერიკელებს სურთ ისტორიის ჩარხი უკუღმა შეატრიალონ, კვლავ დაადგან მონობის უღელი კორეელს ხალხს მაგრამ ეს არ მოხდება.

ერთხმად მიღებული რეზოლუციით ქარხნის კოლექტივი მოითხოვს: დაუყონებლივ შეწყდეს ინგლისელ-ამერიკელ იმპერიალისტთა სამხედრო ჩარევა კორეის საქმეებში!

თავდადებული შრომა საწარმოო გეგმების ვადამდე და მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის – აი ჩვენი პასუხი ომის ინგლისელ-ამერიკელ გამჩაღებლებს.

Exit mobile version