გაზეთი მცხეთა, 1965: სისუფთავე-ჯანმრთელობის საწინდრად

გაზეთი მცხეთა, 19.08.1965

რედაქციისგან: გაზეთი მცხეთა, 1965 წლიდან გამოდის და წარმოადგენდა საქართველოს კომუნისტური პარტიის მცხეთის რაიკომისა და სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს ორგანოს. 2015 წლიდან კი გახდა მცხეთის მუნიციპალიტეტის პერიოდული გამოცემა.

დასახლებული ადგილების სანიტარული მდგომაროების გაუმჯობესება თვითმიზანი როდია, იგი გულისხმობს კარგი და ჯანსაღი საყოფაცხოვრებო – კულტურული პირობების შექმნას ჩვენი მოსახლეობისთვის. ამიტომ ვზრუნავთ ჩვენი ქალაქებისა და სოფლების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

მცხეთის რაიონის სანეპიდსადგური ყოველ ღონეს ხმარობს ჩვენს რაიონში სანიტარული წესრიგის მაქსიმალურად დასაცავად, რათა იგი არასოდეს გახდეს დაავადებისა და ეპიდემიის საბაბი, ამის მიღწევა კი შეიძლება მოსახლეობის მასების დახმარებით. სანიტარული თვალსაზრისით მცხეთა დაყოფილია მიკრორაიონებად. ამ “რაიონებში” შემავალი დამხმარე კომისიების ვალია კარგად შეისწავლონ თავიანთი სამოქმედო უბანი, სისტემატურად შეამოწმონ სახლის და ეზოს ყოველი კუთხის ჰიგიენური მდგომარეობა, მოსთხოვონ მოსახლეობას ჰიგიენური წესების განუხრელი დაცვა.

თვითეული მოქალაქის ვალია მასზე დამოკიდებული სანიტარული ხასიათის ყველა ის ნაკლი, რომელიც ზიანს აყენებს მის პირად და მთელი კოლექტივის ჯანმრთელობას. ცნობილია, რომ თითოეული ადამიანი დღეში, სულ მცირე ნახევარ კილოგრამ ნაგავს იძლევა. საჭიროა ყველა მცხოვრებმა დაიცვას უმარტივესი ჰიგიენური ღონისძიებანი; სისუფთავეს ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში პირველი ადგილი უკავია. სიბინძურე ყოველი სნეულების წყაროა.

ჩვენი რაიონის რიგ სოფლებში საზოგადოებისა და აქტივის დახმარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სანიტარული მდგომარეობა, მათ შორის ძეგვში, ნიჩბისში, ნატახტარსა და მცხეთაში.

სანიტარული მდგომარეობის დაცვა უშუალოდ უკავშირდეა სუფთა და კეთილხარისხოვანი სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფას. ამ მხრივ სავავალო მდგომარეობაა ბევრ სოფელში, განსაკუთრებით – ქსოვრისში.

სანიტარულ მდგომარეობას ნაკლებ მდგომარეობას აქცევენ მუხრანში, წილკანში, ქსანში, ზაჰესში, საგურამოში. ამ სოფლებში დაზიანებულია საკანალიზაციო ქსელი და გამწმენდი ნაგებობანი რის გამო ფეკალური მასა და ნახმარი წყლები დაღვრილია მრავალ ადგილას, რამაც შეიძლება გაავრცელოს ინფექციური დაავადებანი.

ცუდი მდგომარეობაა ქსანში, რომლის კანალიზაციაში მოედინება საავადმყოფოს ნახმარი წყალი, რაზეც კანონიერ საყვედურს გამოთქვამს ქსნის მოსახლეობა.

ჯერ კიდევ არც ერთი სასოფლო საბჭოს არა აქვს გამოყოფილი ნაგვის დასაყრელი ადგილი. მოსახელობის ნაწილს საპირფარეშოები არა აქვს აგებული ღრმა ორმოზე, მათ შორის მუხრანში – 187 ოჯახს, ქსოვრისში – 37, ნიჩბისში – 31 ოჯახს. ეს კი ხელს უწყობს პარაზიტული ჭიების გავრცელებას.

მცხეთის რაიონში მხოლოდ 7 აბანოა. მუხრანისა და გალავნის აბანოები არ მუშაობს. ამჟამად აბანოს აშენებს ნატახტრის მერძეობა-მეგობოსტნეობის საბჭოთა მეურნეობა. კარგია თუ მათ მიბაძავენ მცხეთის მევენახეობის საცდელი და ძველი ქანდის სახილ-სანერგე მეურნეობანი და ააშენებენ აბანოებს წეროვანსა და ქანდაში.

რა მდგომარეობაა ქალაქ მცხეთაში?

მნიშვნელოვნად მოწესრიგდა ეზოებიდან ნაგვის გატანის საქმე, მაგრამ ერთი მანქანა არ კმარა, იგი ვერ ასწრებს ნაგვის გატანას. არაგვის ქუჩაზე მცხოვრები მცხეთელები ვერ გადაეჩვივნენ მტკვარში ნაგვის ჩაყრას. მტკვირს გაბინძურების უფლება კი არავის არა აქვს. უყურადღებოდ არის მიტოვებული აგურის ქარხნის საერთო საცხოვრებლის უკანა ეზო.

მცხეთის აბანოს აუცილებლად უნდა გაუკეთდეს მჭვარტლდამჭერი ფილტრები.

არადამაკმაყოფილებელია სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობა, სასოფლო საბჭოებთან არსებული სამკურნალო დაწესებულებანი მოსახლეობაში სათანადოდ არ ატარებენ ლექცია საუბრებს დასახლებული ადგილების გაუმჯობესებასა და მის მნიშვნელობაზე.

აღნიშნული ნაკლოვანებანი გამოსწორდება მაშინ როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა, წითელი ჯვრის აქტივი, წარმოება-დაწესებულებათა ხელმძღვანელები სასოფლო საბჭოს დეპუტატები, სამედიცინო პერსონალთან ერთად აქტიურად იბრძოლებენ ანტისანიტარული მდგომარეობის აღმოსაფხვრელად.

ალ.წულუკიძე,

მცხეთის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი.

Exit mobile version