გაზეთი ახალგაზრდა ივერიელი, 1991: 26 მაისს ჩატარდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები

გაზეთი “ახალგაზრდა ივერიელი” 28.05.1991

კონტექსტითვის: 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წლისთავზე, სიმბოლურად, 1991 წელს საქართველოში გაიმართა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ერთპიროვნული მხარდაჭერა მიიღო “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ.

როგორც 27 მაისს, საქინფორმის კორესპონდენტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცნობეს, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობდა მოსახლეობის საერთო რიცხვის 82.5 პროცენტი, მათგან კენჭისყრაში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 78.7 პროცენტი.

ამომრჩეველთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა – 86.5 პროცენტი მიიღო ზვიად გამსახურდიამ – პოლიტიკური ბლოკის “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” სპიკერმა, რომელიც თვენახევრის წინათ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ აირჩია.

ამომრჩეველთა ხმების 7.6 პროცენტი მოაგროვა საქართველოს ეროვნული თანხმობისა და აღორძინების კავშირის გამგეობის თავჯდომარემ ვალერიან ადვაძემ. საქართველოს დამოუკიდებელი კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ჯემალ მიქელაძემ მოაგროვა ხმების 1.6 პროცენტი, საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის თავჯდომარემ ნოდარ ნათაძემ კი ხმების 1.2 პროცენტი. ინტელექტუალური ასოციაციის “თავისუფალი აზრის” პრეზიდენტს ირაკლი შენგელაიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 0.8 პროცენტმა. ჟურნალ “ბალავარის” მთავარ რედაქტორს თამაზ კვაჭანტირაძეს კი ამომრჩეველთა 0.3 პროცენტმა.

საზღვარგარეთელ მეთვალყურეთა მოწმობით, გვითხრეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხმის მიცემის დროს რაიმე სერიოზული დარღვევა გამოვლენილი არა ყოფილა.

Exit mobile version