ახალგაზრდა ივერიელი, 1991: სოლიდარობა ლიტველ ხალხს

გაზეთი ახალგაზრდა ივერიელი 15.01.1991

რედაქციისგან: 1990 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტს“ სარედაქციო კოლეგიის ნაწილი გამოეყო. მათ დააარსეს კომუნისტური პარტიის იდეოლოგიური წნეხისგან თავისუფალი გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“, რომელიც მალევე ჩადგა ეროვნული მოძრაობის რიგებში.

კონტექსტისთვის: 1990 წელს, ლიეტუვა, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მოსკოვი არ ეგუობოდა მოცემულობას და ყველა გზით ცდილობდა არ დაეშვა რესპუბლიკის საბჭოთა კავშირიდან გასვლა. საბოლოოდ, 1991 წლის 12 იანვარს, საბჭოთა ჯარი ვილნიუსში შეიჭრა რათა ძალით დაეკავებინა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები, მათ შორის ტელეანძა. სამხედრო აგრესია, სრული მარცხით დასრულდა, ჯარმა უკან დაიხია. სამაგიეროდ დაიღუპა 14 ადამიანი, 704 კი დაიჭრა.

“ეს ომი რომელიც გამოუცხადეს ლიტვა, არის აგრეთვე ომი ჩვენს წინააღმდეგ”

ზვიად გამსახურდია, 12 იანვარს გამართულ მიტინგზე წარმოთქმული სიტყვიდან

ლიტველ ხალხთან და მის პარლამენტთან სოლიდარობის მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა 13 იანვარს თბილისში მთავრობის სახლის წინ. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტარები, კონგრესმენები, მეცნიერები და კულტურის მოღვაწენი, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

მიტინგის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით სცეს პატივი იმათ ხსოვნას, ვინც 12 იანვარს ღამით გახდა ვილნიუსში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღისა და მძიმე სამხედრო ტექნიკის ბარბაროსული ოპერაციის მსხვერპლი.

მიტინგზე გამოსულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაისი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიამ, უზენაისი საბჭოს თავჯდომარის მოადგილემ აკაკი ასათიანმა, პარლამენტის წევრებმა თეიმურაზ ქორიძემ, გურამ პეტრიაშვილმა, ნოდარ ნათაძემ, თბილისში მცხოვრებმა ლიტველმა ვირგინია ივინსკაიტემ, რესპუბლიკის სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გადაჭრით დაგმეს ლიტვის დემოკრატიული ხელისუფლების დამხობისათვის უხეში სამხედრო ძალის გამოყენება.

მომხდარი ამბები, ხაზგასმით აღნიშნეს ორატორებმა, მოწმობს, რომ რეაქციული ძალები გადავიდნენ აშკარა შეტევაზე, ცდილობენ ჩაახშონ ხალხთა მისწრაფება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ. თავიანთი მოქმედების მომენტი მათ შემთხვევით როდი შეარჩიეს: იმედდს იმაზე ამყარებენ, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება მიპყრობილია სპარსეთის ყურეში შექმნილ კრიზისზე. მაგრამ ისინი, ვისაც მოაქვს ადამიანებისთვის სისხლი და ტანჯვა, დაუსჯელები ვერ დარჩებიან. ამას უკვე მოწმობს პირველი რეაქცია მსოფლიოში და უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ლიტვის პარლამენტს უცხადებენ დემოკრატიული ძალები საბჭოთა კავშირში.

შექმნილ პირობებში განსაკუთრებით საჭიროა კონსოლიდაცია ხალხის მიერ არჩეული საქართველოს უზენაისი საბჭოს გარშემო, ეროვნების მიუხედავად, ყველა როგორც ერთი, უნდა შეკავშირდეს შეტევაზე გადმოსული რეაქციის წინაშე, რომელმაც საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი. მხოლოდ ასე შეიძლება წინ აღვუდგეთ მას, ვიხსნათ დემოკრატია და განვაგრძოთ ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

მიტინგის მონაწილეებმა მოიწონეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაისი საბჭოს პრეზიდიუმის განცხადება ლიტვის ამბებთან დაკავშირებით. მისი ტექსტი მიიღეს როგორც გამართული მიტინგის რეზოლუციაც.

პაატა არჩვაძე

საქინფორმის კორ.

Exit mobile version