ტუბერკულოზი: ჯიუტი ინფექციის ქრონიკები

როგორ შევისწავლეთ ინფექცია და როგორ შეგვისწავლა მან ჩვენ

 „ფტიზი“, „თეთრი ჭირი“, „შთანთქმა”, „ტაბესი“, “შახეფეთი“, „ჭლექი“… ეს იმ სახელთა ჩამონათვალია, რომლებითაც ტუბერკულოზს სხვადასხვა ეპოქაში მოიხსენიებდნენ.


ავტორი: ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, გაეროს ასოციაცია


ინფექცია ისეთივე ძველია, როგორც ცივილიზაცია. მას უყურადღებოდ დედამიწის არც ერთი კუთხე არ დაუტოვებია და ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ევროპაში ოთხიდან ერთი გარდაცვალების მიზეზიც სწორედ იგი გახლდათ. რა გზას არ ეწია სამყარო „უხილავ მტერთან“ ბრძოლაში: როცა შელოცვამ არ უშველა, მისი სისხლად გადმოდენა სცადეს და როცა არც ამან გაამართლა, ბედთან შესაგუებლად ხელოვანებს მოუხმეს და საშიში სენი შთაგონებად აქციეს.

გვირაბის ბოლოს სინათლე 1882 წლიდანღა გაკრთა, როცა გერმანელმა ექიმმა და მიკრობიოლოგმა, რობერტ კოხმა, ტუბერკულოზის ბაქტერია გამოაცალკევა და იგი მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლა. უხილავი მტერი ხილული გახდა. აღმოჩენამ თანდათან ვაქცინისა და ანტიბიოტიკის შექმნასაც გაუკვალა გზა და ერთ დროს სასიკვდილო განაჩენი პრევენტირებად, განკურნებად და მართვად დაავადებად აქცია.

ოღონდ გვირაბის ბოლოს მბჟუტავი სინათლე ჩვენივე მიმართულებით მომავალი კიდევ ერთი მატარებელი აღმოჩნდა – ამ მატარებელში კი ვაგონ-ვაგონ ჩაბმულიყო დაავადების სიჯიუტე, სტიგმა, სოციოეკონომიკური პრობლემები და შეზღუდული წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე.

ტრაგიკულად ლამაზი სენი

ტუბერკულოზი სასუნთქი გზების ინფექციაა. დაავადების შესახებ ცნობებს უძველეს ტექსტებში ვხვდებით. ტუბერკულოზის სიმპტომები აღწერილია ქრისტესშობამდე 2700 წლით დათარიღებულ ჩინურ სამედიცინო ჩანაწერებში და მისი კვალი  ძვ. წ. მე-15 საუკუნეში გამეფებული ფარაონის, ამენჰოტეპ II-ის, მუმიაზეც აღმოაჩინეს.

დაავადება ადამიანიდან ადამიანზე, როგორც წესი, ხანგრძლივი და ახლო კონტაქტით, ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. უწინ მოდებულ სხვა ინფექციებთან შედარებით, როგორიცაა ყვავილი ან შავი ჭირი, ის უფრო ნელი გადადების მექანიზმით გამოირჩევა, რის გამოც ინფექცია ინდუსტრიულ ეპოქამდე იმდენად მასშტაბურად არ ვრცელდებოდა. ტუბერკულოზი, ძირითადად, ადგილობრივი ეპიდაფეთქებებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ინფექცია სამყაროს ნებისმიერ წერტილში მაინც მიაგნებდა ხოლმე თავის მსხვერპლს და მსოფლიოს ერთგვარად „დანაწევრებულ“ პანდემიაში აცხოვრებდა.

გვირაბის ბოლოს მბჟუტავი სინათლე ჩვენივე მიმართულებით მომავალი კიდევ ერთი მატარებელი აღმოჩნდა

მრავალი საუკუნის მანძილზე, ტუბერკულოზს განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად არაეფექტური საშუალებებით ებრძოდნენ. ამ მეთოდებს შორის იყო შელოცვები, მცენარეული ნაყენებით მკურნალობა, დიეტური შეზღუდვები, ანდაც ისეთი პრიმიტიული პრაქტიკები, როგორიცაა იძულებითი ღებინება ან ხელოვნური სისხლდენის გამოწვევა – იმედოვნებდნენ, იქნებ და ამან პაციენტს სითხის ბალანსი აღუდგინოსო. რა გასაკვირია, რომ ეს უკანასკნელი დაავადებულისთვის ზოგჯერ მეტი ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდებოდა ხოლმე.

მე-18 და მე-19 საუკუნის ინდუსტრიულმა რევოლუციამ დაავადება კიდევ უფრო ვერაგი გახადა. მჭიდროდ დასახლებული ადგილები მომრავლდა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ დაავადების მიმართ უსუსური კაცობრიობა უარეს სასოწარკვეთაში გადაისროლა.  

სხვა რა გზა იყო და სამყარომ ბედთან შეგუება ხელოვნებით სცადა: ნელ-ნელა რომანტიზდა ის ფიზიკური თუ ფსიქიკური დაღი, რომელსაც ინფექცია დაავადებულს ასვამდა, იქნებოდა ეს სიფერმკრთალე, წონის კლება თუ დეპრესია და შფოთი. ასეთი გარეგნობა იმ დროს გაბატონებულ ესთეტიკურ სტანდარტებსაც კარგად მოერგო და მარტივად გაიგივდა ტრაგიკულ, არაამქვეყნიურ სილამაზესთან. პოეტებმა, მუსიკოსებმა და მხატვრებმა, რომელთაც თავადაც გადაეტანათ დაავადება, ინფექციით გამოწვეული განცდები სიყვარულით ტანჯვასა და დაუკმაყოფილებელ არტისტულ ვნებებთან გააიგივეს.

ლიტერატურაში ტუბერკულოზის ერთ-ერთ გამორჩეულ ასახვას ვიქტორ ჰიუგოს ცნობილ რომანში, „საბრალონში“, ვხვდებით. ფანტინი, გარემოების იძულებით „ცოდვაში“ ფეხჩადგმული ტრაგიკული პერსონაჟი, თითქოს გამოსასყიდს ტუბერკულოზით – ერთგვარი მამორალიზებელი დაავადებით იხდის

ფოტო: ენ ჰეტუეი ფანტინის როლში, “საბრალონის” 2012 წლის ცნობილი ეკრანიზაციიდან

ხელოვნება ადამიანებს ბედთან შეგუებაში იქნებ კი ეხმარებოდა, მაგრამ ამ ბედის შეცვლის კუთხით ბევრს ვერაფერს შველოდა. ზუსტად ამ დროს, სამყაროს სულზე მოუსწრო ბაქტერიოლოგიის მამის, რობერტ კოხის აღმოჩენამ.

იმხანად ჯერ კიდევ ფართოდ სწამდათ, რომ ტუბერკულოზი მემკვიდრეობითი დაავადება იყო, კოხმა კი დაავადების გამომწვევი ბაქტერია იპოვა, გამოაცალკევა, შეისწავლა და ნათელი მოჰფინა ტუბერკულოზის ადამიანიდან ადამიანზე გადადების ინფექციურ მექანიზმს.

 ჭირვეულის მორჯულება

კოხის აღმოჩენა ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო. ახალმა ცოდნამ ტრადიციული ბრძოლის მეთოდები საბოლოოდ კი უკუაგდო, მაგრამ მოქმედი ალტერნატივა ჯერ ვერავის მოეფიქრებინა. ერთადერთი, რის გაკეთებასაც ახალი აღმოჩენის საფუძველზე მაშინვე შეუდგნენ, დაავადებულთა იზოლირების საშუალებით ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტა იყო.

ასე დაიწყეს ქალაქგარეთ, გამწვანებულ გარემოში სარეაბილიტაციო სანატორიუმების გახსნა. მალე მსოფლიო ტუბერკულოზის სანატორიუმთა ბუმმა მოიცვა. აქტიურად ეძებდნენ ისეთ მიკროკლიმატებს, რომლებიც მკურნალობას ხელს შეუწყობდა – მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სამკურნალო ეფექტი მეცნიერულად არასოდეს დამტკიცებულა. ტენდენციას არ ჩამორჩა არც საქართველო, სადაც სწორედ ამგვარმა რწმენებმა მოუტანა პოპულარობა აბასთუმნის ფიჭვნარით გარშემორტყმულ სანატორიუმს.

ამ წვალება-წვალებაში, ტუბერკულოზით გაწამებულ სამყაროს მორიგი სამეცნიერო მიღწევებიც წამოეწია: მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრანგმა ექიმმა ალბერტ კალმეტმა და მისმა ასისტენტმა კამილ გერინმა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს. მოგვიანებით კი, 1943 წელს, ტუბერკულოზის წინააღმდეგ მოქმედ პირველ ანტიბიოტიკს – სტრეპტომიცინსაც – მიაკვლიეს.  ვაქცინაციისა და ანტიბიოტიკების ერთობლივმა, ფართო გამოყენებამ სულ რაღაც ათი წლის განმავლობაში მილიონობით პაციენტის სიცოცხლე იხსნა.

ხელოვნება ადამიანებს ბედთან შეგუებაში იქნებ კი ეხმარებოდა, მაგრამ ამ ბედის შეცვლის კუთხით ბევრს ვერაფერს შველოდა

ოღონდ გამარჯვების ყიჟინა ნაადრევი აღმოჩნდა: ტუბერკულოზის ბაქტერია გაჯიუტდა. გავიდა დრო და გაჩნდა პაციენტთა ჯგუფი, რომელიც სტრეპტომიცინით მკურნალობას აღარ ემორჩილებოდა.  პრობლემის თავი და თავი კი ისაა, რომ ზოგჯერ ანტიბიოტიკების მოქმედება ბაქტერიის სტრუქტურის მუტაციას იწვევს და ანტიბიოტიკს სახეშეცვლილი მიკროორგანიზმის ამოცნობას ურთულებს. შედეგად, სახეცვლილი მიკროორგანიზმი სხვა ადამიანებზე უფრო უშიშრად ვრცელდება. დაავადების გაჯიუტებული ფორმის აღსანიშნად კი გაჩნდა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა „მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი“ და “ექსტენსიურად მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი“.

დღეს სწორედ მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი რჩება ინფექციასთან მებრძოლთათვის მთავარ გამოწვევად.  განსაკუთრებით რთული დაავადებასთან გამკლავება ღარიბ და მჭიდროდ დასახლებულ საზოგადოებებშია. ასეთ ადგილებში მეტია გავრცელების რისკი, შედარებით მცირეა ვაქცინებით მოცვა, პრობლემას კი კიდევ უფრო ამძაფრებს სამედიცინო მომსახურებაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობაც, რადგანაც რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ექიმის რამდენიმეთვიან  მეთვალყურეობას საჭიროებს.

ამასობაში, ინფექციამ მორიგი უჩინმაჩინის მანტიაც მოირგო. როგორც აღმოჩნდა, ტუბერკულოზის ბაქტერია ყოველ მეოთხე დაავადებულს ჩუმად, ლატენტურად დაჰყვება და აქტიურ ინფექციაში გადასაზრდელად ხელსაყრელ მომენტს ელის. ასეთი მომენტი კი იმუნიტეტის დაქვეითების დროს დგება, რასაც ხელს უწყობს არასათანადო კვება, დიაბეტი, ალკოჰოლის მოხმარება და ისეთი ინფექციები, როგორიცაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი – იგივე აივ ინფექცია.  მართლაც, ტუბერკულოზის შემთხვევებმა 1970-იანი წლებიდან, აივ ინფექციის აფეთქებასთან ერთად იმატა და ჯანდაცვის სისტემისათვის ახალ თავისტკივილად იქცა.

ტუბერკულოზთან ბრძოლა საქართველოში

საქართველოსთვის ტუბერკულოზი განსაკუთრებულ პრობლემად 1990-იან წლებში იქცა. მასობრივმა სიღარიბემ, საკვების უკმარისობამ, აივ ინფექციის გავრცელებამ, ინტრავენური ნივთიერებების მოხმარების ზრდამ და სამედიცინო სერვისების არარსებობამ თუ არაეფექტურობამ ინფექციას ფართოდ გაუღო კარი. დაავადებამ ქართველთა შორის მარტივად მოიკიდა ფეხი: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ ასი ათას მოსახლეზე ყოველწლიურად ტუბერკულოზის სამასზე მეტი შემთხვევა აღირიცხებოდა, რაც საქართველოს ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნებს შორის უჩენდა ადგილს.

წავიდა ის დრო, როცა ამ დაავადების მატარებელთ პოეტები უმღეროდნენ. პირიქით, 90-იანი წლების მეხსიერება დღეს მათ ისევ სოციალურ გარიყულობაში აცხოვრებს

1995 წლისთვის საქართველოში სენთან საბრძოლველად სხვადასხვა პროგრამა არსებობდა. ეს საკმარისი არ იყო დაავადებასთან სრულმასშტაბიანი ომისთვის , მაგრამ ძალისხმევამ შედეგი მაინც გამოიღო და 2010 წლისთვის საქართველოში ასი ათას მოსახლეზე ტუბერკულოზის შემთხვევათა რიცხვი 130-მდე ჩამოვიდა. მაჩვენებელი  გაუმჯობესდა, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მატარებელ ქვეყანათა შორის რჩებოდა, ევროპაში კი ქვეყანა ტუბერკულოზით სიკვდილიანობის მაჩვენებლით მე-4 ადგილს იკავებდა. ასეთი მდგომარეობის დაძლევა უფრო მასშტაბურ მიდგომას მოითხოვდა.

2015 წლის ბოლოს შემუშავებულმა ეროვნულმა სტრატეგიამ მიზნად პროგრამების გაფართოება დაისახა. საერთაშორისო მხარდაჭერით შეიქმნა ტუბერკულოზის მართვის პროგრამა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და თითქმის სრულად მოიცავს როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. დაინერგა ე.წ. უშუალო დაკვირვების ქვეშ მკურნალობაც (Directly Observed Therapy). ასეთ მიდგომას სრულფასოვანი მკურნალობისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს, რადგან თერაპიისადმი დამყოლობა ტუბერკულოზის მართვაში მუდმივ გამოწვევად რჩება.

ფართო ძალისხმევის შედეგად, 2017 წელს საქართველომ ტუბერკულოზის საშუალო გავრცელების ზონაში გადაინაცვლა. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ასი ათას მოსახლეზე ტუბერკულოზის 60 ახალი შემთხვევა აღირიცხება – ავადსახსენებელი 90-იანი წლების მაჩვენებელთან შედარებით ხუთჯერ ნაკლები. ოღონდ სხვა პრობლემურ მემკვიდრეობასთან ერთად, ამ წლებიდან დაავადების მიმართ სტიგმაც წამოვიყოლეთ.

საქართველოში დაავადება ხშირად არასწორად ასოცირდება „ციხის ინფექციასთან“ და „ცხოვრების არასწორ წესთან“

მართლაც, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველოში ადამიანები ინფექციით დღეს კვლავ ავადდებიან. თუმცა წავიდა ის დრო, როცა ამ დაავადების მატარებელთ პოეტები უმღეროდნენ. პირიქით, 90-იანი წლების მეხსიერება დღეს მათ ისევ სოციალურ გარიყულობაში აცხოვრებს: საქართველოში დაავადება ხშირად არასწორად ასოცირდება „ციხის ინფექციასთან“ და „ცხოვრების არასწორ წესთან“. სინამდვილეში, ტუბერკულოზმა, შესაძლოა, ნებისმიერ ჩვენგანს მოაკითხოს, უარყოფითმა სტიგმამ კი მხოლოდ გაგვირთულოს სამედიცინო დახმარების მოთხოვნა. ასეთი მდგომარეობა დაავადების გავრცელებას არათუ ვერ აბრკოლებს, ხელსაც კი უწყობს მას.

ყურებს ნუ ჩამოვყრით

ტუბერკულოზი, განსაკუთრებით კი მისი მულტირეზისტენტული ფორმები, საქართველოსთვის პრობლემად რჩება. ჯიუტი ინფექცია თავსატეხს წარმოადგენს დანარჩენი სამყაროსთვისაც. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაავადებას ისევ და ისევ გლობალურ საფრთხედ მიიჩნევს და მისი აღმოფხვრა ერთ-ერთ მთავარ მიზნადაც აქვს დასახული.

დაავადებამ აქეთაც შეგვისწავლა და იმაზე გონიერი და ცბიერი მეტოქე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით

მოუხელთებელ სენთან ბრძოლა სწორხაზოვანი არ არის და მხოლოდ ბაქტერიასთან ბრძოლას არ გულისხმობს. ინფექციის დასამარცხებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია სოციოეკონომიკური უთანასწორობის აღმოფხვრა, ჯანდაცვის სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფა, სტიგმის დაძლევა და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო აქტიური ჩართულობა – იქნება ეს საექსპერტო, ორგანიზაციული და ფინანსური ბერკეტებით.

გამოწვევების მიუხედავად, არ უნდა დავიღალოთ და ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. ჯერ სულ რაღაც ერთ საუკუნეზე ოდნავ მეტია, რაც ინფექციის საფუძვლიანი შესწავლა და მასთან ბრძოლა დავიწყეთ. მერე რა, თუ დაავადებამ აქეთაც შეგვისწავლა და იმაზე გონიერი და ცბიერი მეტოქე აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით? მოტივაციისთვის ხომ იმის დანახვაც კმარა, რამხელა წინსვლა განიცადა მედიცინამ დაავადებასთან ბრძოლაში უკანასკნელი ასწლეულის მანძილზე.

ჰოდა, ისევ გაჯიუტდება და – ჩვენც გავჯიუტდებით.

Exit mobile version