სლოვაკეთი: შურისმაძიებელი ფიცო

რა ხდება?

სლოვაკეთში შაბათს საპარლამენტო არჩევნებია. მოწინავე პოზიციაზე რობერტ ფიცოს მემარცხენე-პოპულისტური პარტია “სმერ”-ია. ფიცო ამბობს, თუ გავიმარჯვებთ “უკრაინელ ფაშიტებს” დახმარებას შევუწყვეტთო.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

პოლიტიკის ვეტერანი

ფიცოს ბევრი რამ აქვს საერთო ვიქტორ ორბანთან. ყოფილი კომუნისტი, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ სოციალ-დემოკრატად მოევლინა ერს. 2006-2010 და 2012-2018 წლებში ფიცო ორჯერ იყო სლოვაკეთის პრემიერი და, განსაკუთრებთ, პირველი საპრემიერო ვადის განმავლობაში დასავლური და ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულ მიმდევრადაც ითვლებოდა.

2010-იანი წლების მეორე ნახევარში მისი პარტია კორუფციაში ჩაეფლო და პოპულარობას სწრაფად კარგავდა. ერთი მნიშვნელოვანი საქმის კვალის დასაფარად, გამომძიებელი ჟურნალისტი და მისი მეგობარი სასტიკად მოკლეს, რის შემდეგაც 2018 წელს ფიცო სახალხო ამბოხის ძალით მოისროლეს პოსტიდან. ოღონდაც, გამოცდილი პოლიტიკოსი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და ახლა უკან, ძალაუფლების მწვერვალზე აცოცებას ცდილობს.

ტონის ცვლილება

2018 წლის ფიასკოთი გავეშებულმა ფიცომ აქტიურად აითვისა უნგრეთში “ფიდესის” მიერ დამუშავებული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ისევე, როგორც ორბანის პარტია, ფიცოც ცდილობს სოფლად მცხოვრები მოქალაქეები დარაზმოს დედაქალაქის ელიტის წინააღმდეგ. მშრომელი კაცის და პირში მთქმელის სახელდავარდნილი ფიცო მისთვის მტრადქცეულ დასავლეთს ამხელს და რუსეთს ადიდებს, გლეხებს კი დაცვას და სამთავრობო ფულს პირდება.

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიის შემდეგ, ფიცო აქტიურად გადავიდა პრო-რუსულ რელსებზე იმდენად, რომ უკრაინის მთავრობას “ნაციონალისტ ფაშისტებად” მოიხსენიებს და იფიცებს, თუ ამირჩევთ, ჩვენი კაპიკი არ წავა კიივის დასახმარებლადო. ამ ტონის ცვლილების შემდეგ, თუ ამის ფასად, ფიცოს სამსახურში ჩადგა სლოვაკეთში ფეხმოკიდებული რუსული ტროლ-ბოტებისა და საინფორმაციო საშუალებების არმია, რომლებიც ფიცოს ოპონენტებს ათასგვარად სწამებენ ცილს.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა ამბობს, შაბათის არჩევნები “ლაკმუსის ქაღალდის ტესტი იქნება” იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეუძლია მრავალმილიონიან დეზინფორმაციის კამპანიას ევროპაში არჩევნებზე გავლენის მოხდენა.

ოპონენტები

მიუხედავად იმისა, რომ “სმერი” გამოკითხვებში პირველ ადგილზე რჩება, ხმების სადღაც 20-იოდე პროცენტით, უკანასკნელი წინასაარჩევნო კვირის განმავლობაში მას სტატისტური ცდომილების ფარგლების დონეზე წამოეწია მემარჯვენე-ცენტრისტული “პროგრესული სლოვაკეთის” პარტია, რომელსაც ახლა 18% უჭერს მხარს.

პროგრესისტების ლიდერი, ევროპარლამენტის დეპუტატი მიხალ შიმეჩკაა და პარტია აქტიურად ცდილობს, გარს შემოიკრიბოს მომცრო როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე ცენტრისტული პარტიები, რათა წინ აღუდგეს “სმერის” ბატონობას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მასიური დეზინფორმაციის პირობებში კამპანიის წარმართვა ყველაზე რთული ამოცანა აღმოჩნდა.

რა მოხდება?

შაბათის არჩევნების შედეგები ბეწვზე ჰკიდია, თუმცა არც “სმერს” და არც ოპოზიციას გადამწყვეტი უმრავლესობის მიღების შანსი არა აქვთ.

ევროსკეპტიციზმის საზღვრები

დამკვირვებლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფიცოს წრეგადასული რიტორიკა ვერც სლოვაკეთზე და ვერც ევროპაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რამდენიმე მიზეზის გამო:

Exit mobile version