უკრაინა ევროპელ მეზობლებს უჩივის

რა ხდება: უკრაინა გეგმავს, პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უჩივლოს, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ემბარგოს გამო.

რა უძღოდა ამას წინ: პარასკევს, ევროკავშირმა გადაწყვიტა დაესრულებინა პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში უკრაინული ხორბლის გაყიდვებზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა.

ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, სლოვაკეთმა განაცხადა, რომ ძალაში ტოვებდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ოთხი ტიპის მარცვლეულზე, პოლონეთმა და უნგრეთმა კი დამატებითი აკრძალვები შემოიღეს სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზეც.

რას ამბობს უკრაინა: ევროკავშირში უკრაინის სავაჭრო წარმოამდგენლის, ტარას კაჩკას თქმით, სამი ქვეყნის გადაწყვეტილება “უბრალოდ უკანონოა” და ბრიუსელისადმი დაუმორჩილებლობაზე მიუთითებს. მისი თქმით, კიივი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაში უჩივლებს სამ მეზობელს.

რას ამბობებენ კომენტატორები: ევროპულ ამბებში ჩახედული ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კიივმა კარგად აუღო ალღო ევროკავშირის პოლიტიკას. მათი მთავარი გზავნილი – რომ ვარშავა და ბუდაპეშტი ბრიუსელს აღარ ემორჩილებიან, რაც ევროკავშირის, როგორც სავაჭრო ბლოკის პრესტიჟს აყენებს ეჭვქვეშ – ფრიად მტკივნეულად აღიქმება ბრიუსელში და მოქმედებისკენ უბიძგებს ევროკომისიას.

რას სთავაზობს კიივს ბრიუსელი: ევროკომისია ცდილობს დაარწმუნოს უკრაინა, რომ ზღვრული საექსპორტო შეზღუდვები შემოიღოს გარკვეულ პროდუქტებზე და ამით დააშოშმინოს მეზობლები. უკრაინა ამბობს, რომ თანახმაა ამგვარ ზომებზე, რათა “მეზობელ ქვეყნებში ცუნამი არ გამოიწვიოს”.

Exit mobile version