სწორება მარჯვნივ: პოლონეთი არჩევნების გზაზე

15 ოქტომბერს პოლონელები ახალ სენატსა და სეიმს აირჩევენ. ასევე საჭირბოროტო საკითხების გადასაჭრელად ჩატარდება სადავოდ ქცეული რეფერენდუმიც. პირველობისათვის ერთმანეთს იაროსლავ კაჩინსკის მმართველი, მემარჯვენე-ცენტრისტული, კანონისა და სამართლის პარტია (PiS) და დონალდ ტუსკის მემარცხენე-ცენტრისტული სამოქალაქო კოალიცია (PO) ეჯიბრებიან. თუმცა, ამომრჩევლის დაყოფა იმას მოასწავებს, რომ მთავრობის შექმნაში გადამწყვეტი როლი შეიძლება ბოლო დროს აღზევებულიმა ულტრამემარჯვენე “კონფედერატებმა” შეასრულონ.


გიორგი ქელბაქიანი “ევროპის მოამბის” ანალიტიკოსია


რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

ვინ მართავს პოლონეთს?

პოლონეთს დღესდღეობით ქართველებისთვის კარგად ცნობილი, 2010 წელს ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის პარტია უდგას სათავეში და მისი ძმა იაროსლავ კაჩინსკი “კანონისა და სამართლიანობის” პარტიის დე ფაქტო ლიდერად რჩება. პარტია 2015 წლიდან მართავს პოლონეთს და კრიტიკოსებს თუ დავუჯერებთ, მან საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარებს თავი შოვინიზმის გაღვივებით, სასამართლო სისტემის პოლიტიზებითა და ევროკავშირთან ქიშპით დაამახსოვრა. ოპონენტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ კაჩინსკის გავლენის პირობებში ოფიციალურ ვარშავას ბრწყინვალე ურთიერთობები არც აშშ-ს და ისრაელთან აქვს.

მკვლევართა ნაწილის შეფასებით, PiS-მა ძალაუფლების უზურპაცია საკონსტიტუციო სასამართლოს, იგივე საკონსტიტუციო ტრიბუნალის, კონტროლით დაიწყო და შემდგომ სრულიად სახელმწიფო აპარატი, დიპლომატიური კორპუსის ჩათვლით, საკუთარი მომხრეებით დააკომპლექტა. ჩანს, იგი ვიქტორ ორბანის უნგრეთის მსგავსი მოდელის ჩამოყალიბებისაკენ მიილტვის. მეტიც, უნგრეთი და პოლონეთი ევროკავშირში ხმის უფლებას სწორედ გვერდიგვერდ დგომით ინარჩუნებენ და ერთობლივი ძალებით აღიზიანებენ ევროკომისიას. ამის მიუხედავად, პოლონეთსა და უნგრეთში არსებული ვითარება განსხვავებულია და ჯერჯერობით PiS-მა ვერ მოახერხა ორბანისეული “არალიბერალური დემოკრატიის” აშენება. ორბანსა და კაჩინსკის, ისევე, როგორც ახლანდელ პრემიერ, მათეუშ მორავიეცკის შორის გამყოფი ხაზი რუსეთთან დამოკიდებულებაზე გადის.

მომავალ არჩევნებზე მემარჯვენე მმართველი პარტია მესამე ვადით შეეცდება ხელისუფლებაში მოსვლას. როგორც გამოკითხვებიდან ჩანს, მას გამარჯვების დიდი შანსიც აქვს. თუმცაღა საეჭვოა, რომ იგი დამოუკიდებლად შეძლებს მთავრობის ფორმირებას. გამორიცხული არ არის, მმართველი პარტია აღმავალ “კონფედერაციას” შეეკრას, თუმცაღა ჯერ იფიცება, ულტრამემარჯვენეებს გვერდში არ ამოვიყენებთო.

ვინ იბრძვის გამარჯვებისთვის?

როგორც უკვე აღინიშნა, ძირითადი კონკურენტები იაროსლავ კაჩინსკის მმართველი PiS და დონალდ ტუსკის PO არიან. კაჩინსკის ჯგუფის რეიტინგი გამოკითხვებით 35 პროცენტს უტოლდება, ხოლო დონალდ ტუსკს ამომრჩეველთა 30 პროცენტამდე უჭერს მხარს. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შედეგს აჩვენებენ შედარებით მცირე ზომის პარტიები, როგორებიცაა მაგალითად აგრარულ-ცენტრისტული “მესამე გზა,” “ახალი მემარცხენეები” და რადიკალური “კონფედერაცია.”

პოლონელებს განსაკუთრებით რუსეთის გამოისობით წყალშემდგარი უსაფრთხოება და ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი აშფოთებთ. PiS-ს შედარებით ღარიბი, სოფლად მცხოვრები პოლონელების მოსახლეობის იმედი აქვს და ამომრჩევლის მოზიდვას  მემარჯვენეთათვის უცნაური, სოციალური დახმარების პროგრამით ცდილობს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლონეთის მთავრობამ ბავშვთათვის გამოყოფილი ყოველთვიური დახმარება სასწრაფოდ 800 ზლოტამდე გაზარდა.

ამასთან, PiS პოლონელებს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას, მათ შორის მიგრანტთა “შემოსევისგან” დაცვას ჰპირდება. PO მთავრობას არადემოკრატიულობაში, უსაფრთხოების შესუსტებასა და ევროპის მასშტაბით პოლონეთის პოზიციების შესუსტებაში ადანაშაულებს.

რეფერენდუმი: კენჭისყრა კარნახით

ვიღაცას უთქვამს, შეკითხვას ვინც სვამს, დიალოგსაც ის უძღვებაო. სწორედ ასე ხდება პოლონეთში. PiS-მა გადაწყვიტა, 15 ოქტომბერს რეფერენდუმის გზით მოქალაქეებს 4 შეკითხვა დაუსვას. მთავრობა პოლონელებს ეკითხება:

თავადაც შეამჩნევდით, რომ რეფერენდუმის შეკითხვებისათვის შერჩეული ენა ეწინააღმდეგება კენჭისყრისათვის განკუთვნილი ტექსტის სტანდარტებს. პოლონეთის მთავრობის კრიტიკოსები სამართლიანად ფიქრობენ, რომ რეფერენდუმი ის იარაღია, რომლითაც PiS საარჩევნო უბნებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს და მათ შეკითხვითვე კარნახეობს “სწორ” პასუხს.

რეფერენდუმის გამოცხადება, მმართველ პარტიას ასევე საშუალებას აძლევს, გამოიყენოს დამატებითი სახელმწიფო მატერიალური რესურსები და ამგვარად, ფინანსური უპირატესობა მოიპოვოს.

ნიშანდობლივია, რომ სადავო არა იმდენად რეფერენდუმში წამოჭრილი საკითხები, არამედ საერთოდ ამგვარი კენჭისყრის ჩატარების აუცილებლობაა. დონალდ ტუსკი, ვისი პოლიტიკის მომართულებების წინააღმდეგაც არის მიმართული რეფერენდუმი, ბოიკოტს უცხადებს მას და იმავეს გაკეთებისაკენ მოუწოდებს მხარდამჭერებსაც.

რეფერენდუმთან მიმართებით, დასაფიქრებელია PiS-ის ევროპული აფილიაციის საკითხიც. როგორც ცნობილია, ეს პარტია ევროპარლამენტში ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა (ECR) პოლიტიკურ ჯგუფში ჯორჯია მელონის “იტალიის ძმებთან” ერთად ზის. ჯორჯია მელონი კი, დღიდან პოლიტიკური დაბადებისა, მიგრაციის საკითხთან მიმართებით ევროპულ სოლიდარობას მოითხოვს. საინტერესოა, როგორ წარიმართება კაჩინსკისა და მელონის ურთიერთობა ამ საჭირბოროტო საკითხის გარშემო.

ამასობაში, ულტრამემარჯვენეები არ დაგვავიწყდეს…

PiS-სა და  PO-სთან ერთად, პოლიტიკურ სცენაზე აქტიურადაა წარმოდგენილი „თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონფედერაცია.“ ეს უკანასკნელი ექვსი პარტიისაგან შედგება, ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელია და ამა წლის ივლისის მონაცემებით, მისი რეიტინგი 15 პროცენტს უტოლდებოდა.

“კონფედერაცია” პოლონელებს კულტურული კონსერვატიზმის უკიდურეს ფორმებს სთავაზობს თავისი ანტისემიტიზმით, ანტიიმიგრაციული რიტორიკით და აბორტების სრული აკრძალვით. “ჩვენ არ გვინდა ებრაელები, ჰომოსექსუალები, აბორტები, გადასახადები და ევროკავშირი,” ამბობდა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი 2019 წლის არჩევნების წინ.

“კონფედერაციის” დღის წესრიგი ფაქტობრივად სრულად გამორიცხავს ინდივიდის უფლებების დაცვას. თუმცა, საინტერესოა, რომ ამ ფონზე, პარტია ახალგაზრდა ამომრჩევლებს ულტრალიბერალური დაპირებებით – გადასახადების შემცირებით, ჯანდაცვის პრივატიზაციით – იზიდავს. ისე ჩანს, რომ ტუსკისა და კაჩინსკის გაუთავებელმა კინკლაობამ სიახლის მოყვარული და ესტაბლიშმენტის წინააღმდეგ აღრენილი ქალაქელი ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია და მათ ამბოხებულების პარტიისადმი სიმპატია გაუღვივა.

ოღონდ თუკი კონფედერატების დღის წესრიგი მათ ულტრამემარჯვენეებისთვის ამ უჩვეულო, ახალგაზრდა პროფესიონალების დემოგრაფიული ჯგუფის მხარდაჭერას აძლევს, ის ასევე ართულებს შესაძლო თანამშრომლობას PiS-თან, რადგანაც გამორიცხავს მმართველი პარტიის ამომრჩევლისათვის საკვანძო სოციალურ პროგრამებს და ზოგადად, სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკურ საქმიანობაში.

რას უნდა ველოდეთ?

სავარაუდოა, რომ არჩევნებში მთავრობის დაკომპლექტებისათვის საჭირო ხმებს წამყვანი ორი ძალა ვერ მოიპოვებს და შესაბამისად, აუცილებელი გახდება მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. ამ ფონზე, შესაძლოა გადამწყვეტი ხმა სწორედ “კონფედერატებს” აღმოაჩნდეთ.

თუკი ისინი იაროსლავ კაჩინსკის პარტიასთან შეთანხმდებიან, საეჭვოა რომ ამ თანამშრომლობამ, დიდხანს გასტანოს. კულტურული კონსერვატიზმის ნაწილში ორი პარტია ძირითადად ერთ ჭკუაზეა, თუმცა ეკონომიკის მართვის მათი ხედვა აბსოლუტურად განსხვავებულია.

მეორე მხრივ, თუ სამოქალაქო კოალიციისა და დონალდ ტუსკისადმი შედარებით დადებითად განწყობილი მცირე პარტიები საკმარის ხმებს დააგროვებენ, შესაძლოა ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი კვლავ ვიხილოთ პოლონეთის პრემიერის სკამზე.

არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი და ჯერჯერობით მათი ყველაზე ლოგიკურ დაგვირგვინებად კენჭისყრის შემდეგ გაურკვევლობა და ხელახალი არჩევნები მოჩანს.

Exit mobile version