ევროპის მოამბე: 4 სექტემბერი

უკრაინული გარღვევა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. ამ უკრაინულ გარღვევას დასავლური სამხედრო წყაროებიც ადასტურებენ და ფრთხილი ოპტიმიზით გასცქერიან საბრძოლო ველს. კიივში როგორც ამბობენ, ყველაზე კარგად გამაგრებული რუსებს სწორედ თავდაცვის პირველი ხაზი ჰქონდათ და აწი, საქმე უფრო სწრაფად უნდა წავიდეს წინო.

ახალი თავდაცვის მინისტრი კიივში

ამასობაში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი დაითხოვა და მის ნაცვლად, უკრაინის თავდაცვის მინისტრის დასავლური შეიარაღებით გამოტენილი პორტფელი, ყირიმელი თათრების შთამომავალს, რუსტემ უმეროვს შესთავაზა. რუსტემ უმეროვი, წარსულში თურმე საქმოსანი გახლდათ ბოლო წლებში კი, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს ხელმძღვანელობდა. თავდაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატი თანამდებობაზე უკრაინის რადამ უნდა დაამტკიცოს. კიივში ხმები დადის, რომ ომით დაქანცული ალექსეი რეზნიკოვი ლონდონში უკრაინის ელჩის სავარძელს მოირგებსო.

ახალი თავდაცვის მდივანი ლონდონში

რადგან ლონდონი ვახსენეთ, აქვე მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ გასულ კვირას გადადგა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი, ბენ უოლესი. ის სამეფოს თავდაცვას 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და უკრაინასაც უმართავდა ხელს რუსეთის მოგერიების საქმეში. როგორც ჩანს, ბენ უოლესი თავდაცვის მდივნობის გარდა ბრიტანულ პოლიტიკასაც დატოვებს და მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა სამეფოს ახალ თავდაცვის მდივნად, გრანტ შაპსი დანიშნა, რომელიც მანამდე მისი უდიდებულესობის კაბინეტში ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ნულოვანი გამონაბოლქვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

რუსეთზე გულმოსული სომხეთი

რამდენიმე დღის წინ, სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გამოცემა “La Repubblica”-ს გული გადაუშალა და უთხრა – სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომა იყოო. რუსეთს ეხლა თავის თავი გასჭირვებია და სურვილიც რომ ჰქონდეს სომხეთის დახმარება გაუჭირდებაო – იქვე აღმოხდენია იმედგაცრუებულ სომხეთის პრემიერს. ამავე ინტერვიუში, სომხეთის თავკაცი იმის თქმასაც არ მოერიდა, რომ მოსკოვმა თავისი “სამშვიდობო” ვალდებულებები არ შეასრულა და მთიანი ყარაბაღის საქმეში აზერბაიჯანს დაჰყვა. ფაშინიანმა არც ის დამალა, რომ რუსეთზე იმედგაცრუებული ოფიციალური ერევანი ეხლა ახალ დასაყრდენს ევროპასა და აშშ-ში დაეძებს.  

ჰოლანდიური პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავი

ნიდერლანდების პოლიტიკაში ახალი ამომავალი ვარსკვლავი გამოჩნდა. ყველასთვის მოულოდნელად, ბოლო გამოკითხვებში დეპუტატ პიეტერ ომტციგტის პარტიამ “ახალი სოციალური კონტრაქტი“ 19-20%-იანი შედეგი აჩვენა და პირველ ადგილზე გავიდა. დეპუტატმა სახელი ანტიკორუფციული გამოძიებებით გაითქვა და ახალი პარტიაც სულ ახლახანს – 20 აგვისტოს დააფუძნა. ისტაბლიშმენტთან მებრძოლმა, ომტციგმა ბევრი ამომრჩეველი მოიზიდა როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან. რთული სათქმელია, მოახერხებს თუ არა ახალი პარტია ლიდერობის შენარჩუნებას და იდეოლოგიურად ჭრელი მომხრეების ამომრჩევლებად ქცევას, თუმცა ახალი პოლიტიკური ძალის აღმავლობის ფაქტი ნიდერლანდების პოლიტიკური გარემოს ცვალებადობაზე მიუთითებს.

რუსული უგაზობის გერმანული წლისთავი

აგერ უკვე, ზუსტად ერთი წელი გაილია მას შემდეგ, რაც რუსეთმა ტექნიკური გაუმართაობა მოიმიზეზა და გერმანიას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა.  გერმანიას, რომელიც სულ ახლო წარსულში 55%-ით რუსულ გაზზე იყო ჩამოკიდებული, დღეს, რუსული გაზის იმპორტი 0%-ზე აქვს დაყვანილი. ცრუ მოლოდინების მიუხედავად, გერმანია არც გაყინულა და არც მისი ეკონომიკა გაჩერებულა. მართალია, რუსული გაზის მოულოდნელმა შეწყვეტამ გერმანული ეკონომიკა აზარალა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რუსული მუხანათობის შედეგად, გერმანიის მშპ მხოლოდ 0.5%-ით შემცირდა. შედარებისთვის, კოვიდ პანდემიის პერიოდში, გერმანიის მშპ 3.8%-ით შეიკვეცა. ასე რომ, გერმანიასა და მის დისციპლინირებულ ეკონომიკას გაცილებით უარესი რყევებიც გადაუტანია, მაგრამ არ ჩამოშლილა.

Exit mobile version