თეა გოდოლაძე ხელისუფლებას მისი დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ მედია კამპანია წამოიწყო, რომლის მიზანიც მისი გაჩუმებაა იმის გამო, რომ მან შოვის მეწყრის შედეგების მართვის გამო ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა.

განცხადებას წინ უძღოდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე გასული სიუჟეტი, რომლის თანახმადაც გოდოლაძეს ოჯახში ძალადობაში ედებოდა ბრალი. ინფორმაცია აქტიურად აიტაცეს სოციალურ ქსელებში განთავსებულმა სახელისუფლებო გვერდებმა.

უფრო ადრე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თეა გოდოლაძე შოვის მეწყერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა და იგი საბოტაჟში დაადანაშაულა. „გვყავს ერთი, ორი ასეთი ადამიანი, რომელიც კრიზისის დროს პანიკას ტეხს, აბსოლუტური ტყუილით… აბსოლუტური ტყუილი, რომელიც ვრცელდებოდა თან რა დროს, კრიზისის დროს და ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი და ზურგში დანის ჩარტყმა ქვეყნისთვის“.

გოდოლაძემ საკუთარი პოზიცია „ფეისბუქზე“ გააჟღერა და განაცხადა, რომ ოჯახში ძალადობის ცრუ ბრალდება მისმა ყოფილმა პარტნიორმა, თეიმურაზ შერგელაშვილმა გაავრცელა, რომელიც „ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით“. მეცნიერის თქმით, ხელისუფლება მისი პირადი საქმის მეშვეობით საზოგადოების თვალში მის დისკრედიტაციას ცდილობს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „საფარი“, რომელიც გოდოლაძის ინტერესებს იცავს სასამართლოზე მის ყოფილ პარტნიორთან დაკავშირებულ საქმეში, მიიჩნევს, რომ „ამ საქმის გახმაურება არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა თეა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობიდან მისი პირადი ცხოვრებისკენ. აგორებული შავი კამპანიის მიზანია გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე“. „ის აქამდეც არაერთხელ გამხდარა ვერბალური თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან“, – ნათქვამია „საფარის“ განცხადებაში.

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ასევე გამოეხმაურა თეა გოდოლაძის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას და განაცხადა, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელი, კრიტიკული მეცნიერების დისკრედიტაციას ცდილობს. „ამგვარი კომუნიკაციით ზარალდება მთელი საზოგადოება, რომლის ინტერესი და უფლებაა, გარემოს მდგომარეობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს.  ამასთან, ცხადია, რომ ამგვარ დისკრედიტაციის კამპანიას აქვს მსუსხავი ეფექტი გამოხატვის თავისუფლებისთვის“, – აცხადებს ორგანიზაცია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version