ეროვნული კინოცენტრი კულტურის მინისტრის სამიზნე გახდა

რა მოხდა?

2022 წლის 18 მარტს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის გაგა ჩხეიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას დაფინანსების შემცირება, სტრუქტურული რეორგანიზაცია და სამსახურიდან გათავისუფლებების სერია მოყვა. ზოგიერთი თანამშრომელი ამას კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულ ვენდეტად განიხილავს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

წულუკიანი „ქართული ოცნების“ მთავრობის ყველაზე დიდი ხნის მინისტრია. 2021 წლის მაისიდან იუსტიციის მინისტრად და კულტურის მინისტრად მუშაობისას მან არაერთი პროფესიონალი საჯარო მოხელე გაათავისუფლა თვითნებურად, რომელთა ჩანაცვლებაც პარტიასთან ლოიალურად განწყობილი პირებით ხდებოდა. ბევრმა მათგანმა სასამართლოს მიმართა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, მისი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში თანამშრომლების „არაკანონიერი გათავისუფლების“ გამო ბიუჯეტმა 332 172 ლარი დაკარგა. საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და წიგნის ცენტრში განვითარებული მსგავსი მოვლენების შემდეგ, ანალოგიური პრაქტიკა კინოცენტრში განხორციელდა.

რა იყო გამომწვევი ფაქტორი?

როგორც ჩანს, რეპრესიები კინოცენტრის თანამშრომლების ღია წერილმა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ მის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრებოდა.

რა ხდება ახლა?

კულტურის მინისტრმა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად და ფინანსურ მენეჯერად კობა ხუბუნაია დანიშნა.

რა დამსახურება აქვს ეროვნულ კინოცენტრს?

ქართული კინოს ბოლოდროინდელი წარმატებები სწორედ კინოცენტრის დამსახურებაა, რადგან ის ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ქართულ კინოწარმოებას, ხელს უწყობს ქართული კინოს პოპულარიზაციას მსოფლიოში და ქართულ კინომემკვიდრეობას ინახავს. ცენტრი ასევე ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს კინოგანათლების ხელშეწყობის მიზნით და აწყობს კინოსთან დაკავშირებულ კონკურსებსა და ღონისძიებებს. კერძოდ, ის საქართველოში ყოველწლიურად 11 საერთაშორისო კინოფესტივალს აფინანსებს.

კინოცენტრის „რეორგანიზაცია“ პარტიული ლოიალობის პრინციპებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ახალი ხელმძღვანელებისთვის ეს თემა უცხოა, სავარაუდოდ, დააზარალებს ცენტრის წარსულ საქმიანობას და მას მმართველი პარტიის პარტიულ ინტერესებს დაუქვემდებარებს, რაც ხელს შეუშლის მის დამოუკიდებლობას მასზე დაკისრებული მისიის განხორციელების პროცესში.

რა იქნება შემდეგ?

ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლები რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ, სანამ კინოინდუსტრიის პროფესიონალების ჯგუფის მიერ არ მოხდება ახალი დირექტორის შერჩევა სამართლიანი, გამჭვირვალე და კონკურენტული გზით. ბოლო დღეებში ისინი ამაოდ შეეცადნენ ახალდანიშნულ დირექტორთან შეხვედრას.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version