ევროკომისიამ უცხოური გავლენის საწინააღმდეგო პაკეტი პარლამენტიდან გადასამუშავებლად გაიწვია

რა ხდება?

“დემოკრატიის დაცვის პაკეტი,” რომელიც ევროკომისიამ ევროპარლამენტში აგორებული სკანდალის საპასუხოდ შეიმუშავა და ევროპული ინსტიტუტების მტრული ჩარევისაგან დასაცავად ლობისტური საქმიანობის რეგისტრაციას ითვალისწინებდა, 1 ივნისს განხილვიდან გაიწვიეს.

რატომ დადგა დღის წესრიგში პაკეტის აუცილებლობა?

2022 წელს „კატარგეიტად“ წოდებული კორუფციული სქემის გამოაშკარავებამ ევროპელების ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ ევროსტრუქტურები მოწყვლადია მტრული და ავტორიტარული ქვეყნების – განსაკუთრებით რუსეთისა და ჩინეთის, მაგრამ ასევე უფრო პატარა სახელმწიფოების – მიერ საკუთარი ინტერესების უკანონოდ ლობირებისადმი.

დადგინდა, რომ ევროპარლამენტის მოქმედი და ყოფილი დეპუტატები და მათთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი კატარის მთავრობისგან ფარულად მიღებული თანხებისა და პრივილეგიების სანაცვლოდ უკანონოდ ლობირებდნენ კატარის ინტერესებს ევროპარლამენტში. მსგავსი სქემები გამოვლინდა მაროკოსთან დაკავშირებითაც.

რას აპირებდა ევროკომისია?

საპასუხოდ, ევროკომისიამ 2023 წლის 16 თებერვალს წარმოადგინა ინიციატივათა პაკეტი, რომელშიც შედის:

პრობლემური სწორედ დირექტივა აღმოჩნდა, რომელიც ინტერესთა ყველა ჯგუფს (ლობისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკომუნიკაციო და ბიზნეს ორგანიზაციებს) დაავალებდა ლობისტური ხასიათის მქონე უცხოური – ანუ ევროკავშირის გარედან მომდინარე – დაფინანსების განცხადება/რეგისტრაციას.

რეგისტრაცია: საჩოთირო საკითხი

მთავარ საკამათო საკითხად შეიქნა პაკეტის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ლობისტური საქმიანობით დაკავებული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც უცხოურ წყაროებიდან იღებენ დაფინანსებას სავალდებულო რეგისტრაცია წესდებოდა.

რა არის გასაკეთებელი?

ევროკომისიაც და მისი ამჟამინდელი წინადადების კრიტიკოსებიც თანხმდებიან, რომ რუსეთის, ჩინეთის და ათასი ჯურის კორუფციისკენ მომართული აქტორის საქმიანობის რეგულირება საჭიროა, თუმცა სულ უფრო მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ლობისტური საქმიანობის ეფექტური რეგულირებაზე საუბარი პარტიების დაფინანსების რეგულირების გარეშე შეუძლებელია.

რა მოხდება ახლა ?

ევროკომისიის წარმომადგენლებმა უარყვეს შემოთავაზებული პაკეტის რუსული ან თუნდაც ამერიკულ კანონთან რაიმე მსგავსება. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს წინადადება ორთვიანი საჯარო კონსულტაციების შედეგი იყო და რომ რეგისტრაციით არ ხდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის რაიმე სპეციალურ სტატუსის (როგორც “უცხოეთის აგენტია”) მინიჭება და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა მათი სტიგმატიზაციაც. თუმცა პოლიტიკური ფასი ზედმეტად მაღალი აღმოჩნდა და დირექტივა განხილვიდან გაიწვიეს.

კომისიაში დარწმუნებული არიან, რომ ზოგიერთი მთავრობა და ორგანიზაცია სათანადოდ ვერ აფასებს პრობლემის მასშტაბს და ფორმაზე უფრო რეაგირებს, ვიდრე შინაარსზე. გაჟღერდა ვერსია, რომ არასამთავრობოებს არ აწყობთ დაფინანსების წყაროების გაჟღერება  არა ავტოკრატიულ რეჟიმებთან კავშირის გამო, არამედ მათ დაფინანსებაში აშშ-სთან დაკავშირებული ფულის დიდი წილის გამხელის პერსპექტივის გამო.

ახლა ევროკომისია გამოთხოვილი პაკეტის კონკრეტულ კონტექსტში შესაძლო რისკების დეტალურ ანალიზს ჩაატარებს არასამთავრობო სექტორთან და სამართლებრივ ექსპერტებთან ერთად. აღმოჩენილ პრობლემებს გაითვალისწინებენ და, ალბათ, ექვს თვეში დააბრუნებენ ევროპარლამენტის განსახილველად.

თუმცა, არსებობს ეჭვი, რომ ეგება ამ პაკეტის განხილვა 2024 წლისთვის დაგეგმილი არჩევნებისათვის კამპანიის კონტექსტში ვერც მოესწროს.

Exit mobile version