ამიხსენი | „უცხოეთის აგენტების“ რა კანონს იხილავენ კანადაში?

რა ხდება:

კანადაში საჯარო განხილვაზეა გამოტანილი წინადადება „უცხო გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის“ შექმნის შესახებ.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი

კანადაში ამ ინიციატივის საჯარო განხილვის დაწყება დაემთხვა ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტს მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენლი ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. ცნობები კანადაში ინიცირებული რეესტრის შესახებ საქართველოში მალევე აიტაცეს დასავლეთისადმი უარყოფითად განწყობილმა ჯგუფებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ „აგენტების შესახებ“ ქართული კანონის მიღებას. მათი თქმით, ვინაიდან კანადა, დასავლური დემოკრატიის ქვეყანა, განიხილავს ასეთ ინიციატივას, ქართული კანონპროქტის მიმართ კრიტიკა გაუმართლებელი იყო.

თუმცაღა, კანადასა და საქართველოში წარმართულ პროცესებს, ისევე, როგორც კანონმდებლობის მიზანსა და აზრს შორის ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს.

როგორ წარიმართება პროცესი კანადაში?

10 მარტს მთავრობამ განსახილველად ზოგადი წინადადება, საკვანძო დებულებები და მისი აუცილებლობის დასაბუთება წარმოდგინა და არა უკვე მზა კანონპროექტი. მოქალაქეებს, აკადემიურ და კვლევით ორგანიზაციებს, იურისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, თემებსა და დიასპორის წარმომადგენლებს შეეძლებათ კომენტარების გაკეთება 2023 წლის 9 მაისამდე. მათი წინადადებების გათვალისწინებით, მთავრობა წარმოადგენს კონკრეტულ საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებსაც მერე პარლამენტი განიხილავს.

ამ დროს, საქართველოში პირდაპირ მზა კანონპროექტები წარმოადგინეს, წარდგენიდან პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებამდე კი სულ რაღაც 20 დღე გავიდა. საჯარო განხილვა არ მომხდარა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საერთაშორისო პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა კი მმართველმა უმრავლესობამ უგულვებელყო.

წინაპირობები:

არამეგობრული ქვეყნების მიერ კანადაზე მავნე ზეგავლენის მცდელობებმა ბოლო დროს კანადელების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

ამ დროს, საქართველოში წარმოდგენილ ინიციატივას და მის მიზნებს ობიექტური, დამოუკიდებელი უწყებების მიერ წარმოდგენილი წინაპირობები არ გააჩნდა.

კანონმდებლობის მიზანი:

ახალი კანონმდებლობის მიზნად სახელდება „ბოროტგანზრახული უცხოური გავლენისაგან“ თავდაცვის გაძლიერება.

ამ დროს, საქართველოში ინიციატივის ოფიციალურ მიზნად “არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა” სახელდებოდა, თუმცა პოლიტიკური რიტორიკა “უცხოეთის გავლენის აგენტების” გამოვლენისკენ იყო მიმართული.

კანადური პროექტის საკვანძო ცნებები:

რა არის „ბოროტგანზრახული უცხოური გავლენა“? კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, ესაა ფარული ან გაუმჭვირვალე ღონისძიებები რომლებიც ხორციელდება უცხოეთის წარმომადგენლის უშუალო ხელმძღვანელობით, მისი სახელით ანდა მისი არსებითი დახმარებით, და რომლის ამოცანაცაა გავლენის მოპოვება ან პოლიტიკური პროცესების შედეგების შეცვლა.

ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბოროტ განზრახვაში იგულისხმება: კანადელებს შორის შუღლის დათესვა, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობისათვის ძირის გამოთხრა, სოციალური ერთობისათვის მიყენებული ზიანი, კანადის სუვერენიტეტისა და კარგი მმართველობის პრინციპების შებღალვა.

„ბოროტგანზრახული უცხოური გავლენა“ უცხოეთიდან ჩარევის ერთ-ერთი ფორმაა. „უცხოეთიდან ჩარევა“ განისაზღვრება, როგორც უცხო სახელმწიფოს ან მისი წარმომადგენლის მიერ წარმოებული საქმიანობა, რომელიც აზიანებს კანადის ინტერესებს და თავისი ხასიათით ფარულია ან ცრუ, ანდა ვინმესადმი მუქარას შეიცავს. მაგალითად მოყვანილია კანადელების ამა თუ იმ თემის შევიწროება, დევნა ან მუქარა, რისი მიზანიცაა შიშის დამკვიდრება, განსხვავებული აზრის ჩახშობა ანდა პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა.

უცხოეთის წარმომადგენელი ვიღაა? უცხოეთის წარმომადგენელი, ამ კანონის მიზნებისათვის არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც კანონის ძალით ანდა პრაქტიკულად ეკუთვნის ან იმართება უცხო სახელმწიფოს მთავრობის მიერ. ეს შეიძლება იყოს თავად მთავრობა და მისი უწყებები, ბიზნეს ანდა პოლიტიკური ორგანიზაციები, კერძო პირები ან ჯგუფები, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობასთანაა კავშირში.

უცხოეთის წარმომადგენლების გავლენად მოიხსენიება უცხოეთის წარმომადგენლების მიერ ღიად წარმართული საქმიანობა, რომლის მიზანიც კანადის მთავრობის პოლიტიკის, ამ პოლიტიკის შედეგების ან პროცესის შეცვლა, ანდა მათთვის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრის შექმნაა. განმარტებით მასალებში ნათლადაა ნათქვამი, რომ ამგვარ გავლენას დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივა არ ერჩის. მისი ამოცანაა „ბოროტგანზრახული“ – ანუ ფარული და კანადისთვის საზიანო გავლენის შეზღუდვა.

ამ დროს, საქართველოში ინიციატივა ეხებოდა ზოგადად საზღვარგარეთიდან მომავალ საგრანტო დაფინანსებას, რომელიც ძირითადად დასავლეთის მოკავშირე ქვეყნებიდან შემოდის. კანადური ინიციატივის ტერმინებით, ეს შეიძლება ჩაითვალოს “უცხოეთის წარმომადგენლების გავლენად,” მაგრამ ის “ბოროტგანზრახულად” თუნდაც იმიტომ ვერ ჩაითვლება, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ამ ქვეყნებთან დამტკიცებული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მეტიც, ის არც “ფარულია” რადგან მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ძალით რეგულირდება, ხოლო მთავრობას გაცემული თანხების შესახებ საგადასახადო ინფორმაცია გააჩნია როგორც გამცემის, ისე მიმღებისაგან.

აუცილებლობის დასაბუთება

განმარტებითი ბარათი მოიცავს კანადაში არსებული იმ საკანონმდებლო ბაზის მოკლე მიმოხილვას, რომელიც მსგავსი რისკების მართვას ემსახურება.  ესენია:

ბარათი ასაბუთებს, რომ ზემოაღნიშნული კანონები არაა მომართული ბოროტგანზრახული უცხოური გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო უსაფრთხოების სამსახურები იტყობინებიან, რომ ბოროტგანზრახული სახელმწიფოები ადვილად ახერხებენ უკვე არსებული კანონებით დაწესებული ბარიერების გადალახვას, იყენებენ რა პირად, ოჯახურ, კულტურულ და სხვა სახის გავლენებს კანადის პოლიტიკური და საჯარო თანამდებობების პირებზე გავლენის მოსახდენად ისე, რომ არ უწევთ ამის შესახებ ღიად გაცხადება.

ამ დროს, საქართველოში შემოტანილი საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებითი ბარათი საერთოდ არ ასახავს მომიჯნავე კანონმდებლობას და არ ასაბუთებს ახალი კანონის მიღების აუცილებლობას.

თუკი მიიღეს, რა ტიპის საქმიანობას შეეხება კანადური კანონი?

ამ დროს, საქართველოში ინიცირებული კანონი საერთოდ არ ეხებოდა რეესტრში შესატანი ორგანიზაციების საქმიანობის ფორმებს ან მიზნებს, ის მხოლოდ დაფინანსების წილის (20%) კრიტერიუმით ითვალისწინებდა “აგენტების რეესტრში” ორგანიზაციების გატარებას.

რას ვალდებულებებს წარმოშობს კანონი?

კანადაში შემოთავაზებული კანონის ძალით უცხოეთის წარმომადგენლებს მოეთხოვებათ გაასაჯაროვონ ინფორმაცია, ანუ დარეგისტრირდნენ საჯაროდ ხელმისაწვდომ რეესტრში.

კანონისადმი მორჩილების უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციული სანქციები: გაფრთხილება, გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში – ინფორმაციის გამოთხოვნა, შემდეგ ეტაპზე ჯარიმების გამოყენება. ყოველივე ეს არ გულისხმობს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას..

აღნიშნულია, რომ შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაც განსაკუთრებით მძიმე დარღვევებისათვის, რადგან ბოროტგანზრახული გავლენის მოხდენის მცდელობა ამჟამად არსებული სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ ისჯება.

რას ეკითხება მთავრობა კანადელებს?

საკანონმდებლო ინიციატივეზე საჯარო კონსულტაციის გამოცხადებით, კანადის მთავრობა მოქალაქეებს და ორგანიზაციებს ექვს კითხვას უსვამს:

  1. რა ტიპის ორგანიზაციები შეიძლება ჩაითვალონ „უცხოეთის წარმომადგენლად“?
  2. რა ტიპის საქმიანობა უნდა ექვემდებარებოდეს რეგისტრაციას?
  3. რა ტიპის საქმიანობა არ უნდა ექვემდებარებოდეს რეგისტრაციას?
  4. რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს მოთხოვნილი რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებისაგან?
  5. რა სახის სასჯელი უნდა იყოს გათვალისწინებული
  6. სხვა რა მოსაზრებები გაგაჩნიათ ამ წინადადების შესახებ?
ამ დროს, საქართველოში სწორედ ამგვარ კითხვებზე პასუხების არარსებობამ და ამგვარი კითხვების მმართველი ძალის მიერ აგრესიულმა უგულვებელყოფამ წარმოშვა საპროტესტო ტალღა.

კიდევ რა საყურადღებო განსხვავებებია საქართველოსა და კანადას შორის?

მასალა მოამზადეს ქეთი შუბითიძემ (პოლიტიკის და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) აშშ ოფისის ბიზნეს განვითარების მენეჯერი) და ჯაბა დევდარიანმა (Civil.ge)

Exit mobile version