ახალი ამბები

განახლება: ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ანა წითლიძე შიმშილობას წყვეტს

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფონზე, ექიმების „კატეგორიული მოთხოვნით“ შიმშილობას წყვეტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ანა წითლიძე, რომელიც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზინდეტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით 12 დღეა შიმშილობდა.

დეპუტატის ექიმის თქმით, შიმშილობის მე-12 დღეს წითლიძის მდგომარეობა „უკიდურესად მძიმეა“ და ის რამდენიმე დღე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

თავად ანა წითლიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ „რეალური საფრთხე“, რაც მან ბოლო დღეებში დაინახა, ის იყო, რომ „შიმშილობის წრე შეიძლებოდა გაფართოებულიყო“. „მე არ მქონდა უფლება ჩემი მეგობრების ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დამეყენებინა“, – განაცხდა მან და დასძინა – „არანაირი, დიდი დრო რეაბილიტაციისთვის არ დამჭირდება, ბრძოლის წინა ხაზზე ვიქნები ყველგან, სადაც გამარჯვებას დასჭირდება“.


დეპუტატი ანა წითლიძე საკანონმდებლო ორგანოს შენობაში 12 დღე შიმშილობდა და პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოდა. ექიმები აცხადებდნენ, რომ წითლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ, რაზეც დეპუტატი უარს ამბობდა.

დღეს, წითლიძე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოინახულა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. პაპუაშვილის თქმით, წითლიძე ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც „შეიძლება, შეუქცევადად დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა“. „მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იფიქროს საკუთარი ჯანმრთელობის უვნებლობაზე“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ დეპუტატის მოთხოვნას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ეს საკითხი არის სრულად სასამართლოს გადასაწყვეტი. შიმშილობით, მოთხოვნით ასეთი საკითხები არ წყდება“.

მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. 16 დეკემბერს კი მათ „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი, თემურ ჯანაშია შეუერთდა. თუმცა, 23 დეკემბერს იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ასევე შეწყვიტეს შიმშილობა დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button