მეცოლა: “გვიჯობს გავიყინოთ, ვიდრე თქვენზე გავიყიდოთ!”

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ, რობერტა მეცოლამ 12 დეკემბერს პარლამენტს საგანგებო განცხადებით მიმართა. მისი საგანი იყო ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტისა და კიდევ ხუთი ადამიანის დაკავება ბელგიის პოლიციის მიერ, რომელთა შესახებაც არის ეჭვი, რომ კატარის სასარგებლო პოლიტიკის გატარების სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ.


პატივცემულო კოლეგებო,

არ გადვაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ეს სამუშაო დღეები ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე რთული გახლდათ. დღეს ფრთხილად მიწევს სიტყვების შერჩევა, რათა საფრთხე არ დაემუქროს მიმდინარე გამოძიებას და რათა არ შევბღალო უდანაშაულობის პრეზუფცია.

ჰოდა, ფრთხილად ვისაუბრებ. და თუკი ჩემი აღშფოთება, ჩემი სიბრაზე, ჩემი ღრმა განცდა დღეს ნათლად ვერ გაიგონეთ, გარწმუნებთ – ეს გრძნობები აქ, ჩემს გულშია, ისევე, როგორც ურყევი გადაწყვეტილება, რომ ეს პარლამენტი კიდევ უფრო გაძლიერდეს.

ნურავის შეგეპარებათ ეჭვი:

დემოკრატიის მტრებისათვის ამ პარლამენტის არსებობაც კი საფრთხეს წარმოადგენს და ისინი უკან არაფრის წინაშე დაიხევენ. ეჭვი არსებობს, რომ ამ ხელმრუდმა აქტორებმა, რომლებიც ავტოკრატიულ ქვეყნებთან არიან კავშირში, ჩენს საწინააღმდეგო იარაღად გამოიყენეს არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები, კონკრეტული ადამიანები: ჩვენი ასისტენტები და ევროპარლამენტის წევრებიც იმისათვის, რომ ჩვენი სამუშაო პროცესი ჩაეშალათ.

ეს ბოროტი გეგმები ჩაიფუშა. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები, ვისი საქმიანობითაც ვამაყობ, დიდი ხანია მჭიდროდ მუშაობდნენ [ბელგიის] კანონიერების დაცვისა და სასამართლო ხელისუფლებასთან რათა ეს კრიმინალური ქსელი ამოეძირკვათ.

[ბელგიის] ხელისუფლებასთან სინქრონულად ვიმოქმედეთ, რათა ყველა სამართლებრივი უფლება ყოფილიყო დაცული, ყოველი ინფორმაცია ყოფილიყო უსაფრთხო და სადაც კი შესაძლებელი იყო, ამოგვეღო ელექტრონული მატარებლები, დაგველუქა ოფისები და სახლებში ჩხრეკა ჩაგვეტარებინა. გასულ კვირას, როგორც ამას ბელგიის კონსტიტუცია ითვალისწინებს, მე თავად ვახლდი ბელგიელ მოსამართლესა და პოლიციას ერთ-ერთი ჩხრეკისას.

თავის დასაზღვევად და უდანაშაულობის პრეზუმფციის სრული დაცვით, მივიღე გადაწყვეტილება ვიცე-პრეზიდენტის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული უფლებამოსილება შემეჩერებინა პარლამენტის ერთი დეპუტატისთვის. შემდეგ კი, თავმჯდომარეთა კოლეგიის საგანგებო სხდომაზე გადავწყვიტეთ, აგვემოქმეედბინა წესდების 21-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, რითიც შეწყდა ამ ვიცე-პრეზიდენტის უფლებამოსილება ამ პარლამენტის კეთილსინდისიერების დასაცავად.

დღეს უნდა გამომეცხადებინა კატართან და კუვეიტთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისკენ მიმართული მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. მიმდინარე გამოძიებიდან გამომდინარე, ამ გადაწყვეტილების პროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე დაბრუნდება.

კარგად ვიცი, რომ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი და ჩვენ განვაგრძობთ გამოძიებასთან თანამშრომლობას, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან მუშაობას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება. კორუფციას შედეგი არ უნდა მოჰქონდეს და ჩვენ-ჩვენი როლი ვითამაშეთ იმისთვის, რომ მათ გეგმებს დღეს შესრულება აღარ სწეროდა.

ნათლად მინდა ვთქვა – საქმე იმას კი არ ეხება, ვინმე მარჯვნიდანაა თუ მარცხნიდან, ჩრდილოეთიდანაა თუ სამხრეთიდან. საქმე ისაა, მართალია ვინმე თუ მტყუანი. ამიტომაც მინდა მოგიწოდოთ, ნუ აჰყვებით ცდუნებას და ამ მომენტს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად ნუ გამოიყენებთ. ნუ გააუფასურებთ იმ საფრთხის განცდას, რომელიც ჩვენ დღეს გვემუქრება.

მე – როგორც ბევრი თქვენგანი – პოლიტიკაში კორუფციასთან საბრძოლველად მოვედი. ევროპული პრინციპების დასაცავად მოვედი. დღეს რაც ხდება, ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი სისტემების გამოცდაა, გამოცდა – მინდა დაგარწმუნოთ, კოლეგებო – რომელსაც ჩვენ წარმატებით ჩავაბარებთ.

რთული დღეები გვიდგას ყველას, მაგრამ მწამს, ერთად თუ ვიმუშავებთ, ამ განსაცდელიდან გაძლიერებულნი გამოვალთ.

კოლეგებს, ვინც ამ დღეებში ჩემს გვერდით იდგნენ, მინდა კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ, თუ რამდენად გულგატეხილი ვარ დღეს. დარწმუნებული ვარ, ყველანი იზიარებთ ამ გრძნობას.

იმ ხელმრუდ ადამიანებს მესამე სახელმწიფოებში, ვინც ფიქრობს, რომ მათ ჩვენი ყიდვა შეუძლიათ, ვინც ფიქრობს, რომ ევროპის მოსყიდვა შეიძლება, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელში ჩაგდება შეუძლიათ, მინდა ვუთხრა – ეს პარლამენტი ყოველთვის ყელზე დაგადგებათ.

ჩვენ ევროპელები ვართ.

გვიჯობს გავიყინოთ, ვიდრე თქვენზე გავიყიდოთ.

Exit mobile version