ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური სამართალდამცველთა მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის ფაქტებზე საუბრობს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 28 ნოემბერს განაცხადა, რომ 2022 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში გამოვლენილ არასათანადო მოპყრობისა და ძალადობის შემთხვევებზე 4 სამართალდამცველის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ პატიმრის გარდაცვალება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2022 წლის 20 აგვისტოს, თბილისში, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა ად ნარკომანიის პრევენციის ცენტში“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს ესკორტის უფროსმა ოფიცერმა ჯეროვნად არ შეასრულა მისი ფუნქციები და ცვლა უსაფრთხოდ ვერ გადააბარა.

სამსახურის განმარტებით, მან დაუდევარი დამოკიდებულებით, მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე დატოვა პატიმრები, რის შედეგადაც ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, რომელიც ასევე „წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა“ პატიმარი მიეპარა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და სამჯერ გაისროლა. „ერთ-ერთი გასროლით მან თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა“, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

ბრალდებულის მიმართ გამოძიება 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

მანამდე, 22 აგვისტოს, „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ 20 აგვისტოს ერთ-ერთი პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავეს.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორი დააკავეს მეგობარი ქალის პირადი საიდუმლოს გავრცელებისთვის.

კერძოდ, 2022 წლის მარტში, მეგობარ ქალთან ურთიერთობის გაწყვეტით გაბრაზებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით ქალის მეუღლეს, სოციალური ქსელის მესინჯერით ცოლის ნახევრად შიშველი, ინტიმური ფოტო გაუგზავნა და მისწერა, რომ ცოლი ღალატობდა.

დაკავებულის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლით მიმდინარეობს.

ოჯახში ძალადობა

2022 წლის ნოემბერში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ყოფით ნიადაგზე მეუღლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი.

„დაზარალებულმა, განხორციელებული ძალადობის შედეგად ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო“, – ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის კოდექსის,126′ მუხლით და 111 – 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

არასათანადო მოპყრობა

წვევამდელების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორის მიმართ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2022 წლის ნოემბერში, ქალაქ ბათუმში, სხვადასხვა დროს, პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში, ბრალდებულმა, რომელსაც სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების სამსახურებრივი მოვალეობის სათანადოდ შესრულების ორგანიზება და კონტროლი ევალებოდა, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და დისციპლინის დარღვევისთვის 4 წვევამდელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button