საქართველომ პარტნიორებთან ერთად ტრანს-კასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე იმსჯელა

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, მათ შორის, ვიცე-პრემიერი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი ყაზახეთს სტუმრობდნენ, სადაც ქალაქ აქტაუში ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად ტრანს-კასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 25 ნოემბრის რელიზის თანახმდ, შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, განავითარონ შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული კომპონენტები და ოპერაციული მიმართულებები. მათვე შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით განსაზღვრული აქტივობების შესახებ 2022-2027 წლების სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი.

შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა დავითაშვილმა შუა დერეფნის ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის მიზნით ბოლო წლებში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, 2014 წელთან შედარებით, როდესაც პირველად დაიწყო შუა დერეფნის გავლით საკონტეინერო მატარებლების მოძრაობა, 2021 წელს მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და საქართველოს გავლით ჩინეთი-ევროპის საკონტეინერო გადაზიდვებმა გადააჭარბა 10 ათას TEU-ს.

ლევან დავითაშვილმა ინფრასტრუქტურისა და დერეფანთან დაკავშირებული სხვა მიმართულებების განვითარების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და შავ ზღვაზე სატრანსპორტო მარშრუტებისა და დერეფნის გაციფროვნების აუცილებლობა აღნიშნა.

ეკონომიკის სამინისტროსვე ინფორმაციით, თავის მხრივ, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ერთობლივად მიიღონ ზომები შუა დერეფნის ეფექტიანობისა და მიმზიდველობის გაზრდისათვის.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version