ბრიტანეთის პრემიერმა ფინანსთა მინისტრი დაითხოვა

რადიკალურ საბიუჯეტო გეგმაზე ფინანსური ბაზრებისა და მოქალაქეების მკვეთრად უარყოფითი რეაქციის კვალობაზე, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ლიზ ტრასს, უკანდახევამ მოუწია. დღეს მან ფინანსთა მინისტრი კვაზი კვარტენგი დაითხოვა.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი

ტრასმა და კვარტენგმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი რადიკალური საგადასახადო გეგმის განხორციელებაში გაფლანგეს. ტრასის მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა კი აქტიური ჩარევით ძლივს მოასულიერა ფუნტ-სტერლინგი, რომელიც ცოტაც და ისტორიაში პირველად გაუტოლდებოდა დოლარს. გაფრენილი საპროცენტო განაკვეთების მოთოკვაც რთული აღმოჩნდა.

ტრასი ახლა ცდილობს ბაზრები დაარწმუნოს, რომ “ფისკალური დისციპლინა” აღსდგება, ეგებ და ამით რამენაირად პრემიერის პოსტი შეინარჩუნოს.

ახლა რას აპირებენ?

დღეს, პარასკევს, ტრასმა განაცხადა, რომ დაგეგმილის საპირისპიროდ, კორპორაციულ გადასახადებს აწევს და ბორის ჯონსონის პოლიტიკას გააგრძელებს:

ერთი პატარა ინტრიგა იმანაც შემოიტანა, რომ კვარტენგი ჯერ კიდევ ხუთშაბათს არხეინად იყო და “არსად წასვლას ვაპირებო” უთხრა ჟურნალისტებს, თუმცა შემდეგ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში შეხვედრები შეწყვიდა და ლონდონში ჩამოქანდა.

ტრასის თქმით: “აშკარაა, რომ ჩვენი მინი ბიუჯეტის გარკვეული ელემენტები ბაზრის მოლოდინზე სწრაფად და უფრო ღრმად წავიდა, ამიტომ ჩვენი ამოცანა ახლა უნდა შეიცვალოს – ბაზრები უნდა დავამშვიდოთ და ფისკალური დისციპლინისადმი ერთგულება ვუჩვენოთ.”

კვარტენგის ბოლო სიტყვა: ” როცა პორტფელი ჩამაბარეთ, სრულად ვაცნობიერებდი, რომ ვითარება საოცრად რთული იყო, გლობალური მასშტაბით საგადასახადო განაკვეთებიც იზრდებოდა და ენერგიის საფასურიც,” – ასე მისწერა კვარტენგმა ტრასს გადადგომის წერილში, რომლის გაგზავნაც დანიშვნიდან ექვს კვირაზე ადრე მოუწია. ბოლოს კი დაამატა: “ჩვენ ბევრი წელია მეგობრები და კოლეგები ვართ. ამ ხნის განმავლობაში თქვენი გულმოდგინებისა და მიზანსწრაფულობის არაერთი საბუთი მიხილავს. მჯერა, თქვენი ხედვა სწორია.”

Exit mobile version