ახალი ამბები

პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუმრობის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ.

პრემიერმინისტრის შეხვედრები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის 21 სექტემბრის ცნობით, გაეროს გენერალური მდივნთან და თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ, პრემიერი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, იგნასიო კასისს შეხვდა და მასთან ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორული ურთიერთობებსა და სხვადასხვა სფეროში „წარმატებული თანამშრომლობის“ საკითხებზე იმსჯელა. ამავე ინფორმაციით, მხარეებმა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

თავის მხრივ, იგნასიო კასისმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს პრემიერთან რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე, ევროპის უსაფრთხოებაზე, ენერგოკრიზისსა და საქართველო-რუსეთს შორის შვეიცარიის, როგორც შუამავლის მანდატზე იმსჯელა.

აშშ-შ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ისაც შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა. ამასთან, მხარეებმა არაერთი მიმართულებით ორმხირივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა დადებითად შეაფასეს.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 21 სექტემბრის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტული მიმართულებები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

„მხარეებმა, ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და აშშ-ს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე და გამოთქვეს მზაობა გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, ასევე, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიმართულებით“.

მინისტრი ილია დარჩიაშვილი სლოვაკ კოლეგას, რატისლავ კაჩერსაც შეხვდა და მასთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა. მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სლოვაკეთის „მნიშვნელოვანი კონტრიბუციაც“ აღნიშნეს.

ამავე ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესიც მიმოიხილეს და ამ გზაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

საქართველო-ლუქსემბურგს შორის „წარმატებული“ თანამშრომლობა, ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოების შესაძლებლობები იყო ილია დარჩიაშილის ლუქსემბურგელ კოლეგა ჟან ასელბორნის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა.

„მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით შესაბამისი სექტორების წარმომადგენელთა ჩართულობას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რელიზში.

საქართველოსა და პოლონეთის ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს ილია დარჩიაშვილმა და პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ზბიგნევ რაუმ.

„მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების აუცილებლობას და ამისათვის თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და აღნიშნულის ფონზე პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას“, – ვკითხულობთ, საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.


გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 სექტემბერს გაემგზავრა. პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ერთად დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით დღეს, 22 სექტემბერს მიმართავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button