ახალი ამბები

შსს: „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი თავისუფალი

დაახლოებით 8-საათიანი პსეცოპერაციის შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 20:00 სთ-ისთვის განაცხადეს, რომ ქალაქ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი კი – თავისუფალი.

საქმეზე გამოძიება ტერორისტული აქტის (323), ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების (329) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების (236-ე) მუხლებით მიმდინარეობს.

მედიის ცნობებით, შეიარაღებული თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალში 20 სექტემბრის შუადღის 12:00 სთ-ისთვის შეიჭრა და მძევლად 10-ზე მეტი ადამიანი აიყვანა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ მამაკაცს სამხედრო ფორმა ეცვა და სახეზე ნიღაბი ეკეთა. სავარაუდოდ, მას ხელყუმბარაც ჰქონდა.

ბანკზე თადამსხმელს სხვადასხვა მოთხოვნა ჰქონდა. ერთ-ერთი ბოლო მოთხოვნით, მას 2 მლნ აშშ დოლარი, ვერტმფრენი და რუსეთის დროშა სურდა.

შსს-ს განცხადება

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააზუსტა, რომ „საქართველოს ბანკის“ ქუთაისის ფილიალზე თავდასხმისთვის 1985 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ცნობით, თავდამსხმელმა დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით მძევლად 14 პირი აიყვანა, რომლებიც სამართალდამცველებმა ეტაპობრივად გაათავისუფლეს და თავად თავდამსხმელი კი – ბრალდებულის სახით ადგილზევე დააკავეს.

შსს-ს განცხადებით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სპეცოპერაციის შემდეგ, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ თავდამსხმელს თან „საკმაოდ მძიმე“ შეიარაღება ჰქონდა, მათ შორის დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები.

მისივე თქმით, ბრალდებულმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა „განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ღონისძიება მაღალპროფესიონალურად ჩაატარეს. შეძლეს, რომ ის ხელყუმბარა, რომელიც მას ჰქონდა, არ მოეყვანა მოქმედებაში“.

შს მინისტრის მოადგილემ ასევე არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ბანკზე თავდამსხმელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელია. „მოქმედი თანამშრომელი არ არის“. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე – იყო თუ არა დაკავებული ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი? – მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ „ამის შესახებ გავრცელდება შემდგომში ინფორმაცია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button