ახალი ამბები

ოდესის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ბათუმში გაიმართება

ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომლის მთავარი თემაც არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა მსოფლიოზე, 5-8 ოქტომბერს ბათუმში გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორების ინფორმაციით, სიმბოლურია, რომ სწორედ ბათუმში, სანაპიროზე, უკრაინელი მწერლების, ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ძეგლებია განთავსებული.

„ამ ფესტივალით კიდევ ერთი, მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის“, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ბათუმი, როგორც „ოდესის ერთგული პარტნიორი ქალაქი“, უკრაინელ, ქართველ, შვეიცარიელ, რუმინელ, პოლონელ, თურქ და სხვა უცხოელ მწერლებსა და ფესტივალის მონაწილეებს უმასპინძლებს. ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ქართულ-უკრაინული პოეზიის ღონისძიებებს, საბავშვო ლიტერატურულ პროგრამას, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებს და მთარგმნელობით სემინარებს.

ამას გარდა, იგეგმება სპეციალური ღონისძიება იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვებისთვის. ფესტივალი ჰიბრიდული ფორმატით წარიმართება; უკრაინელი მონაწილეების ნაწილი მხოლოდ ონლაინ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილებას, ხოლო ფესტივალის ყველა ღონისძიება YouTube-სა და Facebook-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან Peter Weiss Foundation for Art and Politics (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა წიგნები ბათუმში. ფესტივალი ხორციელდება Konrad Adenauer Foundation-ის (გერმანია), Jan Michalski Foundation-ის (შვეიცარია), international literature festival berlin (ilb)-ის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, Prohelvetia-ს (შვეიცარია) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button