ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიას სტუმრობს

14 სექტემბერს ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების საქმეში.

ოლაფ შოლცმა მოუწოდა საქართველოს, რომ ამის მისაღწევად ყველა საჭირო რეფორმა განახორციელოს და დასძინა, რომ კანდიდატობისკენ მიმავალ გზაზე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია. „მე ვიცი, რომ ამას ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა სჭირდება“, – აღნიშნა მან.

გერმანიის კანცლერმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანია „მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით“.

ამ კონტექსტში, კანცლერმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გაეროს იმ რეზოლუციის მხარდაჭერას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია, და განაცხადა, რომ საქართველოს მზადყოფნა, ხელი შეუშალოს რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებას, ძალიან მნიშვნელოვანია.

ოლაფ შოლცის თქმით, საქართველომ თავად მიიღო რუსული აგრესიის „მტკივნეული“ გამოცდილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამ თვალსაზრისით, კანცლერმა კიდევ ერთხელ გამოხატა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მისივე თქმით, გერმანია მზადაა საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა გააფართოვოს და ახალი დაფინანსება გამოყოს ენერგოსექტორის განვითარების მიზნით.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც ორი ქვეყანა წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს აღნიშნავს, „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი“.

ღარიბაშვილის განცხადებები

პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „გერმანია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა“, რომელმაც, მისი თქმით, წლების განმავლობაში დახმარების სახით საქართველოს 1.3 მილიარდი ევრო გამოუყო.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას, პრემიერმინისტრმა აღნიშმა, რომ „ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციის თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას“.

რაც შეეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ „ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ეტაპს“ მიაღწია, რომელზეც „რამდენიმე თვის წინ უბრალოდ ვერ ვიოცნებებდით, ვინაიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი“.

მან დაადასტურა მთავრობის მზადყოფნა, შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღება და დასძინა, რომ „ჩვენ კარი გავუღეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, ვინაიდან მთავრობას, ხელისუფლებას დასჭირდება ყველას ჩართულობა, მათ შორის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების“.

„მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე – „ITB Berlin“-ი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას“, – დასძინა პრემიერმინისტრმა.

შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტთან

გერმანიიში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა და მასთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა.

მხარეებმა ისაუბრეს იმ ერთობლივ ნაბიჯებსა და გზებზე, რომლებიც „ხელს შეუწყობს გერმანული ბიზნესის მეტად დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით“.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების კუთხით საერთაშორისო განვითარების ბანკის (KfW), საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და სხვა გერმანული უწყებების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button