ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი გმობს ესკალაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 სექტემბერს Twitter-ზე მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს „სახიფათო ესკალაციას ჩვენს ორ მეზობელსა და მეგობარს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, შორის“.

„მშვიდობიანი კავკასია არის გზა უფრო ძლიერი, განვითარებული და დამოუკიდებელი რეგიონისკენ, რომელიც სარგებელს მოუტანს ჩვენი მოსახლეობის მომავალს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

13 სექტემბერს დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი შეტაკებები დაიწყო.

იმავე დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა „აქტიური მედიაცია განახორციელოს რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის“.

„როიტერი“ იტყობინება სომხეთის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, რომ მხარეებმა გასულ ღამეს ზავს მიაღწიეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 105 სომეხი და 50 აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button