Placeholder canvas
ახალი ამბები

მედიის კოალიცია ჟურნალისტისთვის მთავრობის სხდომებზე დასწრების უზრუნველყოფას ითხოვს

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის 13 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე Business Media Georgia-ს (“ბიზნეს მედია საქართველო”) ჟურნალისტის, თელარა გელანტიას არშეშვების საკითხს გამოეხმაურა და მოუწოდა მთავრობას, რომ ჟურნალისტისთვის მომდევნო სხდომებზე „დაუბრკოლებელი დასწრება“ უზრუნველყოს.

კოალიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჟურნალისტთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ხელს უწყობს მედიის მიმართ მტრული გარემოს ჩამოყალიბებას და აუარესებს მედიის თავისუფლების ხარისხს საქართველოში“.

როგორც ჟურნალისტმა გუშინ განაცხადა, იგი მთავრობის სხდომაზე იმ მოტივით არ შეუშვეს, რომ „წესებს არღვევს, ბევრ კითხვას სვამს და სხვა კოლეგებს აწუხებს“. გელანტია უკვე 10 წელია მთავრობის სხდომებს აშუქებს.  

გელანტიას თქმით, მას „გონივრული ეჭვი“ აქვს, რომ მთავრობის გაუმჭირვალე გადაწყვეტილებების შესახებ მისი კრიტიკული სიუჟეტი გახდა სხდომაზე არშეშვების მიზეზი.

 

 

კოალიციამ განაცხადა, რომ გელანტიას მაგალითი „არ წარმოადგენს ჟურნალისტის მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის პირველ ფაქტს“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დახმარებით, თელარა გელანტიამ საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა ჟურნალისტის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შესაძლო ფაქტის შესასწავლად.

„მოვუწოდებთ მთავრობის ადმინისტრაციას დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება თელარა გელანტიას მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს თელარა გელანტიას დაუბრკოლებელი დასწრება მთავრობის მომდევნო სხდომაზე“, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button