Placeholder canvas
ახალი ამბები

ტოივო კლაარი შერიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი 10 სექტემბერს თბილისში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებული როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის „ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით“.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება განიხილეს.

ამავე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე და ამ კუთხით არსებულ სამომავლო ხედვებზე, რაც ადამიანზე ორიენტირებულ, სტატუს-ნეიტრალურ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს ეფუძნება.

საქართველოში ჩამოსვლისას ტოივო კლაარმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნდა, სადაც მიანიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები შესაძლოა უახლოეს მომავალში განახლდეს. „დავბრუნდი, რათა დავიწყოთ მზადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომავალი რაუნდისთვის, ასევე განვიხილოთ რეგიონში არსებული ვითარება“.

დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც მარტისთვის იგეგმებოდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაუქმდა.

ივლისში ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ საჭიროა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ადგილის შეცვლა „ნაკლებად ანგაჟირებული ადგილით და ქალაქით, სადაც მოლაპარაკებების პროცესის ყველა მხარისთვის თანაბარი შესაძლებლობები და პირობები იქნება“.

მანამდე, ივნისში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების „ყველა მონაწილისთვის მისაღებ, უფრო ნეიტრალურ ადგილას“ გადატანის საკითხი დააყენა. საკუთარი მოთხოვნის მიზეზად რუსეთის საგარეო უწყებამ მაშინ „აშშ-ის, ევროკავშირის, ეუთოს, ასევე შვეიცარიის ნაბიჯების დესტრუქციულობა“ დაასახელა, რაც „ჟენევის ფორმატის ნორმალურ ფუნქციონირებას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის“.

რუსეთის მსგავსი ბრალდებების საპასუხოდ, ტოივო კლაარმა „სამოქალაქო საქართველოსთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა: „ბოლო რაუნდის გადადების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პროცესის დასაცავად და იმგვარი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, როდესაც საერთაშორისო გარემო, განსაკუთრებით ომი უკრაინაში, უარყოფითად აისახებოდა თავად რაუნდის მსვლელობაზე და, შესაბამისად, მთლიანად დისკუსიებზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button