Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: ‘დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება’

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრის შემდეგ, 6 სექტემბერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა, ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ევროკომისარმა განაცხადა, რომ „ახლა დგას რეფორმების დაჩქარების მომენტი. დრო ან ენერგია არ უნდა დაიკარგოს შიდა დაპირისპირებაზე, არამედ ერთად უნდა იმუშაოთ“.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო ერთობლივ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს. სხდომა პირველად ჩატარდა მას შემდეგ, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა 23 ივნისს საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს. სხდომას ჟოზეპ ბორელი თავმჯდომარეობდა, ხოლო საქართველოს დელეგაციას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

ევროკომისარმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება „მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და უდიდესი მოვლენაა“.

მისი თქმით, „პრიორიტეტები ნათელია“. „ღია და გახსნილი საუბარი გვქონდა მათ შესახებ და ეს მოიაზრებს იმ საკითხსაც, თუ როგორ შეგვიძლია წარვმართოთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე წლების განმავლობაში ნაშენები მყარი თანამშრომლობა, რათა ეს ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ“, – განაცხადა ევროკომისარმა.

„საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, საჭიროებს დროს და ძალიან სერიოზულ ძალისხმევას, ყველას მხრიდან. ჩვენ მზად ვართ ჩვენი დახმარების მობილიზება მოვახდინოთ ამ მიმართულებით თქვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ და ხაზი გაუსვა „ყველა პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანების მნიშვნელობას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button