Placeholder canvas
ახალი ამბები

ჟოზეპ ბორელი: ‘ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურების საფუძველზე ხდება’

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრის შემდეგ, 6 სექტემბერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურების საფუძველზე ხდება. არ არსებობს მოკლეზე მოჭრა ან სასწაულები. პოლიტიკური დეკლარაციები არ კმარა, საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელიც ამ ნებას შედეგებად გარდაქმნის”.

პრესკონფერენციაში ასევე მიიღეს მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, და ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო ერთობლივ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს. სხდომა პირველად ჩატარდა მას შემდეგ, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა 23 ივნისს საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს. სხდომას ჟოზეპ ბორელი თავმჯდომარეობდა, ხოლო პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს წარმოადგენდა. შეხვედრას ასევე დაესწრო ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი.

უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭება არის „ნათელი მტკიცებულება ჩვენი ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიმართულებით, საქართველოს ევროპული ამბიციების საპასუხოდ“.

თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ ამბიციებს „თან ახლავს პასუხისმგებლობა“, მათ შორის მნიშვნელოვანი რეფორმების გაგრძელების პასუხისმგებლობა, „განსაკუთრებით, იმ პრიორიტეტული მიმართულებებით, რომლებიც 12 პუნქტად განსაზღვრა ევროკომისიამ“.

ბორელის თქმით, პოლარიზაციის დაძლევა, „ხიდების აგება მთელ პოლიტიკურ სპექტრში“ და ქართველი ერის ერთობლივ ძალისხმევაზე ფოკუსირება, რათა მიღწეულ იქნეს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი, კიდევ ერთი ვალდებულებაა, რომელიც „არა მხოლოდ მთავრობის მიერ შესასრულებელი ამოცანაა, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრისა და მთელი საზოგადოების“.

„მხოლოდ ხილვადი და ხელშესახები წინსვლა რეფორმებში განაპირობებს ამ პროცესში დაწინაურებას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „კრიტერიუმები და მოლოდინი ძალიან ნათელია“, როდესაც საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინკლუზიურობაზე დაფუძნებული პოლიტიკური კულტურა, დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, პრესის თავისუფლება ან ევროკავშირის სტანდარტებთან და პოლიტიკასთან თავსებადობა.

„საქართველომ გადაწყვიტა შესდგომოდა ევროკავშირის გზას და ეს პასუხისმგებლობები ეკისრა. ახლა აქტუალურია ამ დანაპირების შესრულება“, – განაცხადა ბორელმა.

უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის თანმდევი უნდა იყოს „ეროვნული კონსენსუსი. პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იპოვონ გზა და ერთად იმუშაონ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის ამოცანა, არამედ ყველა პოლიტიკური პარტიის“.

„სწორედ ამიტომ ვუწოდებთ ამ პროცესს ინკლუზიურს, ვინაიდან მასში ასახული უნდა იყოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნება-სურვილი ევროკავშირთან საკუთარი მომავლის დაკავშირების თაობაზე“, – განაცხადა ბორელმა და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

აღნიშნა რა, რომ პროცესი მარტივი არ არის, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირისა და მისი ყველა ინსტიტუტის მხარდაჭერით სარგებლობს.

ამ კონტექსტში, უმაღლესმა წარმომადგენელმა ასოცირების საბჭოს სხდომაზე გამართული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საჭიროა გაგრძელდეს ღიად საუბარი იმ სამუშაოზე, რომელიც წარმატებით განხორციელდა და ის სფეროებზე, სადაც მეტის გაკეთებაა საჭირო.

ბორელის თქმით, სხდომაზე მან საბჭოს შეფასება წარმოადგინა საქართველოს ზოგიერთ საკვანძო საკითხზე, მათ შორის მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობის და  მედიის თავისუფლების კუთხით. „აღინიშნა მზარდი პოლიტიკური წნეხი საზედამხედველო ინსტიტუტების დამოუკიდებლობასთან და ოპოზიციურ მედიასთან მიმართებით“, – განაცხადა მან.

ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სფეროები „უმნიშვნელოვანესია“, განსაკუთრებით, ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების კონტექსტში. „იმედი გვაქვს, რომ საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს და არსებულ ხარვეზებს გამოასწორებს“, – დასძინა მან.

ოკუპირებული რეგიონები

უმაღლესმა წარმომადგენელმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას.

მისი თქმით, ევროკავშირი განაგრძობს საკუთარ ძალისხმევას რეგიონში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

ჟოზეპ ბორელმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესში და დაგმო რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში.

მისი თქმით, ევროკავშირს განზრახული აქვს განამტკიცოს პარტნიორების მედეგობა აღმოსავლეთ სამეზობლოში და ამ კონტექსტში „ვიმუშავებთ საქართველოს მედეგობის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით, კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის სფეროებში“.

ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველოზე „სერიოზული გავლენა იქონია“ ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ და რომ შეხვედრის დროს, მათ განიხილეს საქართველოს დახმარების გზები ამ გამოწვევების დაძლევისა და, მათ მიუხედავად,  რეფორმების პროცესის უწყვეტად გაგრძელების მიმართულებით.

უმაღლესმა წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ყველა პოლიტიკური ძალა „გამოიყენებს ამ ისტორიულ შესაძლებლობას, გაზრდის ძალისხმევას კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროკავშირთან დასაახლოებლად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button